სულიერი შთამომავლობა ბიბლიური ციტატები

გალატელთა 3:7
ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან.

გალატელთა 3:29

და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.

3 იოანეს 1:4
არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.

საქმეები 17:26-29
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან. რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო! და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.

იოანეს 8:31-41
მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”. მიუგეს მას: „ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?” უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა. ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”. უთხრეს: „ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: „თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”. ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს – ღმერთი”.

რომაელთა 4:13-17
ვინაიდან აბრაჰამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა – ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე. თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, ხოლო, სადაც არ არის რჯული, იქ არც დანაშაულია.  ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა. როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.

რომაელთა 9:6-8
მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია. და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: „ისაკში იწოდება შენი თესლი”. ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.

1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

იოანეს 3:3-8
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”. ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?” მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

1 იოანეს 3:9
ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.

გამოცხადება 12:17
განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.