იაკობის 4:13-15
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ”, –
იგავნი 22:29
გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე.
რომაელთა 12:8
თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.
2 კორინთელთა 8:20-22
ვფრთხილობთ, რომ არავინ გამოვიდეს ბოროტი საყვედურით ჩვენზე, როცა ესოდენ უხვია ეს შემოწირულება, რომელიც ჩვენი მსახურებით იქნა მოპოვებული. ვინაიდან ვცდილობთ კეთილისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც. გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა უფრო მეტად ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი.
მათეს 6:19-21
ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
მალაქია 3:8-12
განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში. წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,” – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად. შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი.–
ლუკას 12:22-30
უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის – რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის – რით შეიმოსოთ. ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. 30 ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი.
ლუკას 12:15-21
უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.” და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’ თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.”