ქმნილება გვიჩვენებს ღვთის ბუნებას – ბიბლიური ციტატები

იობი 12:7-10
ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, ცის ფრინველს და ის გეტყვის. გაესაუბრე მიწის მცენარეებს და ისინი გასწავლიან, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის მათ შორის, რომ უფლის ხელმა შექმნა ეს ყველაფერი? მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.

რომაელთა 1:20
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.

იერემია 32:17
ო, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შეჰქმენი ცა და დედამიწა შენი დიდი ძალითა და შენი აღმართული მკლავით; არაფერია შენთვის შეუძლებელი!

იობი 38:1-13
მაშინ მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა:
„ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?
წელი შემოისარტყლე ვაჟკაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი:
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად?
როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?
და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’
ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,
რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან?

იერემია 33:2
„ასე თქვა უფალმა, რომელმაც შექმნა მიწა, რომელმაც გამოსახა, რათა დაემყარებინა იგი, უფალია სახელი მისი!

ფსალმუნები 18:1-2
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს,

ფსალმუნები 8
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
ჩვილთა და ძუძმწოვართა ბაგეებიდან დაამტკიცე ციხე-ბურჯი შენი მტრების წინააღმდეგ, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე:
რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე – ნადირი ველისა;
ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და ყოველივე, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.

ფსალმუნები 35:5
უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე.

ესაია 40:25-28
„ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?” – ამბობს წმიდა. მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება. რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?” განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.

იგავნი 8:27-29
როცა ის ცას ამყარებდა, მეც იქ ვიყავი, როცა წრეს ჰკრავდა უფსკრულის ზედაპირზე, როცა ღრუბლებს ამაგრებდა მაღლით, როცა ძლიერდებოდა უფსკრულთა წყაროები, როცა დაადგინა ზღვისთვის საზღვარი, რათა წყლებს არ გადაელახათ მისი ნაპირი, როცა აწესებდა დედამიწის საფუძვლებს,

ფსალმუნები 89:1-2
უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.