1 მეფეთა 12:13-15
ახლა, აჰა, აქ არის თქვენი მეფე, რომელიც აირჩიეთ და მოითხოვდით; აჰა, მოგცათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, თუ თქვენცა და თქვენი მეფეც, თქვენზე რომ ხელმწიფებს, მიჰყვებით უფალს, თქვენს ღმერთს, უფლის ხელი აღარ აღიმართება თქვენს წინააღმდეგ. თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.
ეზრა 7:26
და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.“
ეკლესიასტე 8:2
აღასრულე მეფის ბრძანება, რადგან ღმერთისთვის გაქვს მიცემული ამის აღთქმა.
ნეემია 5:4-13
და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად. და ჩვენი ხორციც ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ხელში ძალა გამოგვეცალა და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს რჩებათ.“ ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე. მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: „თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ.“ და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული. და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ.“ და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და მტრებისგან დაცინვა აიცილოთ? მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით, ვაპატიოთ მათ ეს ვალი. დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.“ და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ.“ და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ. და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული.“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!“ და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
იგავნი 11:11
წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, უკეთურთა პირით კი ინგრევა.
იგავნი 28:7
რჯულს იცავს გონიერი შვილი, ხოლო გაუმაძღარის მოყვასი მამამისს არცხვენს.
იერემია 5:1
მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიიხედ-მოიხედეთ და ეძებეთ მის მოედნებზე; და თუ იპოვით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებ იერუსალიმს.
იერემია 14:8-10
ისრაელის იმედო და მხსნელო მისი უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად შეჩერებული მოგზაურივით? რატომ ხარ გაოგნებული კაცივით, გმირივით, რომელსაც ხსნის ძალი არ შესწევს? შენ ხომ ჩვენს შორის ხარ, უფალო, და ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით; ნუ მიგვატოვებ, უფალო! ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხს ვერ აჩერებდნენ, ამიტომ არ სურს ისინი უფალს. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს მათ.
მათეს 17:24-27
კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“ ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან. მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“
მათეს 22:21
ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“