გამოსვლა 2:23
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
გამოსვლა 6:5-6
და აგრეთვე ვისმინე ისრაელის ძეთა კვნესა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით.
მეორე რჯული 24:17-18
ნუ გაამრუდებ ხიზნისა და ობლის სამართალს, და ნუ აიღებ გირაოდ ქვრივის სამოსელს. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და გიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას.
მეორე რჯული 15:12-15
თუ მოგეყიდოს ებრაელი, ქალი ან კაცი, გემსახუროს ექვსი წელი, და მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე შენგან. და როცა გაათავისუფლებ შენგან, არ გაუშვა ხელცარიელი: დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან. რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას. გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამისათვის გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს.
მეორე რჯული 5:15
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დაიცვა დღე შაბათისა.
3 მეფეთა 8:46-51
როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ;’ როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე. და მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი, რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან, გამოვიყვანე.
ფსალმუნები 105:39-43
შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.- მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით, და მდაბლდებოდნენ ბრალით.
ფსალმუნები 77:58-61
განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი. და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ.
ფსალმუნები 68:33
რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
ფსალმუნები 105:44-46
იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით. აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.-
იერემია 34:12-14
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ უფლისაგან: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი, და ვუთხარი: ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით თითოეულმა თქვენი ძმა, ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ თქვენ. გემსახუროს ექვს წელიწადს, შემდეგ გაუშვით თქვენგან თავისუფლად! მაგრამ თქვენმა მამებმა არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური.