არსებები – ბიბლიური ციტატები

ეზეკიელი 1:5-12
და მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდათ. თითოეულ მათგანს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა.სწორი ფეხები ჰქონდათ და ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და ტანი ბრინჯაოსავით უელავდათ;და ადამიანის ხელები მოუჩანდათ ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს. ოთხივეს ჰქონდა სახე და ფრთები. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. შესახედაობა მათი სახისა კი ასეთი იყო: სახე ადამიანისა და სახე ლომისა მარჯვენა მხარეს ჰქონდა; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და ორბის სახე ოთხივე მათგანს;ოთხივეს სახე და ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ მიმართული; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანს იფარავდნენ. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქით, საითაც სულს მიჰყავდა, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალებდნენ სიარულისას.

გამოცხადება 4:6-8
და ტახტის წინ არის მსგავსი შუშის ზღვისა, მსგავსი ბროლისა. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ არის ოთხი ცხოველი, სავსე თვალებით წინიდან და უკანიდან. პირველი ცხოველი ლომის მსგავსი იყო, მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო, მესამე ცხოველს კაცივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი გაფრენილი ორბის მსგავსი იყო. და ოთხ ცხოველს, თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ, შიგნით კი თვალებით იყო სავსე. არც დღისით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, რომელიც არის და რომელიც მოვა.“

ეზეკიელი 1:13-25
შესახედაობა ამ ცხოველებისა გაღვივებული ნაკვერცხლების მსგავსი იყო; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის; ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან. ეს ცხოველები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ელვის მსგავსად. ვუყურებ ამ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს. შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. ერთნაირი იყო ოთხივე და ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო. როცა მოძრაობდნენ, ოთხივე მხარეს მიდიოდნენ, სვლისას არ ტრიალებდნენ. და მათი ბორბლების ფერსოები გრძელი და საშინელი იყო. და მათი ოთხივე ბორბლის ფერსოები გარშემო სავსე იყო თვალებით. და როდესაც ცხოველები მოძრაობდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ, და როდესაც მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მაღლა. საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, საითაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული ედგათ ბორბლებს. მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით ბორბლებიც იწეოდნენ მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული ედგათ ბორბლებს. ცხოველთა თავს ზემოთ თითქოს ბროლის გასაოცარი თაღი იყო გადაჭიმული. თაღს ქვემოთ მათი გაშლილი ფრთები ერთმანეთს უსწორდებოდა. თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. და მესმოდა მათი მოძრაობისას მათი ფრთების შრიალი, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, როგორც ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე. და ხმა გადმოდიოდა თაღიდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო გადაჭიმული. როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე.

გამოცხადება 13:1-2
დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. რქებზე – ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას. მისი ფეხები – როგორც დათვისა, მისი პირი – როგორც ლომის ხახა. მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება.

ეზეკიელი 10:15-22
და აღიმართნენ ქერუბიმები, ეს ის ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. ქერუბიმების სვლისას ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან ერთად; და, როდესაც ქერუბიმები ფრთებს გაშლიდნენ, რომ მიწიდან აწეულიყვნენ, ბორბლები არ ცილდებოდნენ მათ, არამედ მათთან ერთად იყვნენ. მათი გაჩერებისას ისინიც იდგნენ, და მათი აწევისას ისინიც აიწევდნენ ხოლმე მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. და კვლავ გავიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და ზედ დაადგა ქერუბიმებს. და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ჩემს თვალწინ აიმართნენ მიწიდან; და როდესაც ისინი გადიოდნენ, ბორბლებიც მათთან იყო; და დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. ეს ის არსებანი იყვნენ, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, ისრაელის ღმერთის ტახტის ქვეშ რომ იდგნენ, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ ისინი. ყოველ მათგანს ოთხი სახე ჰქონდა და ოთხი ფრთა, და თითოეულს ფრთებქვეშ ადამიანის ხელის მსგავსი რამ. და შესახედაობა მათი სახისა მსგავსი იყო იმ სახეთა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, – მათი გამოსახულებაც და თვითონაც. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა.

გამოცხადება 4:9-11
როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ”.

გამოცხადება 6:1-3
ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და მომესმა, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლაპარაკობდა: „მოდი”. შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა. როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: “მოდი და იხილე”.

გამოცხადება 14:3
ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისაგან გამოსყიდული ასორმოცდაოთხი ათასისა.

დანიელი 7:17
‘ის ვეება მხეცები, რომლებიც ოთხნი არიან, ოთხი მეფეა, რომელნიც მიწიდან აღდგებიან.

დანიელი 8:20-21
ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია, ხოლო ის ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.