მათეს 26:26
ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
ლუკას 22:19
აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
საქმეები 2:42
და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
საქმეები 2:46
ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
საქმეები 20:7
კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.
1 კორინთელთა 10:21
არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
1 კორინთელთა 11:17-34
ხოლო ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ, იმიტომ რომ იკრიბებით არა უმჯობესისთვის, არამედ უარესისთვის. რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს. რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი. განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ. ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”. სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”. რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს. ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან. ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს. თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი. ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ. და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.