რიცხვნი 15:22
როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს,
მეორე რჯული 28:15-37
მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ. წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში. წყეული იქნება შენი კალათა და გობი. წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა. წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას. გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე. მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ. წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები. ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა – რკინად. წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები. დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში. და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი. მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან. მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით. ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის. საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ; დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე. სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში. და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული. და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ. გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე. წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს. საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
1 მეფეთა 9:6-8
მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს, მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის. ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
ფსალმუნები 88:31-32
თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ, კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას.
მეორე რჯული 28:45
და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
იოანეს 12:47
თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
რომაელთა 2:25
ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.
იაკობის 4:11
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.
მსგავსი თემები: