შებღალვა – ბიბლიური ციტატები

ლევიანნი 22:15
არავინ წაბილწოს ისრაელიანთა წმიდა შესაწირავები, რომლებსაც ისინი სწირავენ უფალს,

ლევიანნი 16:2
და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე.

1 მეფეთა 31:8-10
და თავი მოაჭრეს მას და საჭურველი აჰყარეს, და დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. და დადვეს მისი საჭურველი ყაშთაროთების ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. და, გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს.

2 მეფეთა 6:6-11
და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა. და შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს, და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?” და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში, და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი.

4 მეფეთა 25:8-9
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.

ესაია 5:18-19
ვაი, მათ, ვინც ამაოების საბელებით მიითრევენ ურჯულოებას, და საურმე ჭაპნებით – ცოდვას; რომელნიც ამბობენ: „ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; მოვიდეს და აღსრულდეს რჩევა ისრაელის წმიდა ღმერთისა, აი მაშინ კი დავრწმუნდებით.“

ესაია 58:4-5
თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისათვის მარხულობთ, და იმისათვის, რომ დაურიდებლად ურტყათ სხვებს. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. განა ასეთია ის მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი სულს იტანჯავს, როცა თავს იდრეკს ლერწამივით, და ძაძასა და ნაცარს იფენს ქვეშ? ამას უწოდებ მარხვასა და უფლის საწადელ დღეს?

ესაია 58:13
თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმიდა დღეს, და უწოდებ შაბათს – შვებას, უფლის წმიდა დღეს, განდიდებულს და განადიდებ მას იმით, რომ არ გააკეთებ შენს ჩვეულ საქმეებს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,

გოდება იერემიასი 1:10
მტერმა ხელი მიჰყო მის ყველა საგანძურს, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შევიდნენ წარმართნი, რომელთაც შენ აუკრძალე შენს კრებულში შესვლა.

დანიელი 5:1-4
მეფე ბელშაცარმა დიდი ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვა ღვინო. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, მოერთმიათ მისთვის ოქროს და ვერცხლის თასები, რომლებიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, ჰქონდა წამოღებული იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იმეებით ესვათ. მოიტანეს ის ოქროს თასები, რომლებიც წამოღებული იყო იერუსალიმის ტაძრიდან. იმ თასებით სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს.

მალაქია 1:6-14
შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი კრძალვა? თქვენ გეუბნებათ ყოვლისშემძლე უფალი: ჰოი მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო! თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავითო შენი სახელი? მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ფიქრობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს ან თუ კეთილად შემოგხედავს? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – ახლა კი ევედრეთ ღმერთს, ვინძლო, შეგვიწყალოს. როგორღა შემოგხედავთ კეთილად, როცა თქვენი ხელიდან გამოდის ეს ძღვენი? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. რატომ არცერთი თქვენგანი არ დახშავს კარიბჭეებს, რომ ფუჭად აღარ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?! არ მეთნევით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი და არ მივიღებ თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს. რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, მზის აღმოსავალიდან მის დასავალამდე. ყოველ ადგილას უკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს მწირავენ, რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – თქვენ კი შელახეთ ჩემი სახელი იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და მასზე შეწირული ძღვენი საკვებად საძულველიო. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო ეს საქმე. და გძულთ იგი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული და ეს არის თქვენი ძღვენი – როგორ მივიღებ მას თქვენი ხელიდან?! – ამბობს უფალი. – წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში.

მათეს 12:1-13
იმ დროს, შაბათ დღეს, მიდიოდა იესო ყანებზე. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც არ ეგების შაბათს.“ მან კი უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფთ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მასთან მყოფთ, არამედ მხოლოდ მღვდლებს? ანდა არ წაგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან? გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, რაც ტაძარზე უმეტესია. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ განიკითხავდით უდანაშაულოებს. რადგან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. და, აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება შაბათს განკურნება?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ვინ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც ერთი ცხვარი ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, ხელი არ ჩაავლოს და არ ამოიყვანოს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამგვარად, შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

მათეს 21:12-13
და შევიდა იესო ტაძარში და გამოყარა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა ფულის მცვლელთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. და ეუბნებოდა მათ, დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი!“

ლუკას 13:1
მოვიდნენ ამ დროს ზოგიერთები და ამცნეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს.