კეთილი ადამიანური რჩევაბიბლიური ციტატები

გამოსვლა 18:17-24
უთხრა მოსეს სიმამრმა: „არაა კარგი, რასაც შენ აკეთებ. გამოიფიტებით შენც და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, მარტო ვერ შეძლებ ამის კეთებას. ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს. ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ. ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს. მათ განსაჯონ ხალხი ყოველთვის; ყველა დიდი საქმე შენთან მოიტანონ, ხოლო ყოველი მცირე საქმე თვითონ განსაჯონ; ზიდონ ასე ტვირთი შენთან ერთად და შენც შეგიმსუბუქდება. თუ ამას გააკეთებ და ღმერთიც ასე გიბრძანებს, მაშინ გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე”. ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და აასრულა ყოველი მისი ნათქვამი.

2 მეფეთა 17:5-16
თქვა აბესალომმა: „ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”. მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: „ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”. მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”. ისევ თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე. ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი, მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში. ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად. დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან. თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”. თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: „ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს. უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: „ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე. ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.

დანიელი 4:27
ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი – ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.

საქმეები 5:34-39
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები. მერე უთხრა მათ: „კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს, რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა. ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა. ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება. ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”

2 კორინთელთა 8:10
ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.

1 კორინთელთა 4:14
თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.

იგავნი 6:20
შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

იგავნი 11:14
რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.