რუთი 3

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
რუთი
31 და უთხრა რუთს ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: „ჩემო, ასულო, განა არ უნდა მოგიძებნო შენ სახლი, რომელიც შენ სიკეთეს მოგანიჭებს? 2 აჰა, ჩვენი ნათესავი არ არის ბოყაზი, რომლის მხევლებთანაც ნამყოფი ხარ? და აჰა, იგი ამაღამ კალოზე ქერს ანიავებს. 3 დაიბანე, იცხე და გამოეწყვე სამოსელში, და მერე წადი კალოზე, მაგრამ არ დაენახო მას, ვიდრე ჭამა-სმას არ მორჩება. 4 ხოლო როცა დაწვება, გაიგე ის ადგილი, სადაც ის დაწვება და მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. და ის თავად გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე!” 5 უთხრა: „რაც მითხარი ყოველივეს შევასრულებ.” 6 და წავიდა იგი კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა უბრძანა. 7 და ჭამა და სვა ბოყაზმა, და გაუხალისდა გული. წავიდა ზვინთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, ფეხებთან გადახადა და მიუწვა. 8 და შუაღამისას შეკრთა კაცი და წამოიწია და აჰა, ფეხებთან ქალი უწევს! 9 თქვა: „ვინა ხარ?” და უთხრა: „რუთი ვარ, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს შენი სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ.” 10 „კურთხეულ იყავ უფლისაგან, ჩემო ასულო! რაც ახლა სიკეთე ქენი, პირვანდელზე უკეთესია, რაკი ყმაწვილთაგანს ვინმეს არ წაჰყევი, არც ღარიბს და არც მდიდარს! 11 და ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია! ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ. 12 ახლა, მართალია, ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს. 13 გაათიე ეს ღამე და დილით, თუ ის გამოგიხსნის, ხომ კარგი, გამოგიხსნას, ხოლო თუ შენს გამოხსნას არ ისურვებს, მაშინ მე გამოგიხსნი, ვფიცავ უფალს! და იწექი აქ დილამდე.” 14 და იწვა რუთი მის ფერხთით დილამდე, და ადგა, დილაბნელზე და უთხრა მას ბოყაზმა: „არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.” 15 უთხრა რუთს: „მოიტა ეგ თავშალი, რომ გახურავს და ხელში დაიჭირე.” და მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერი და ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. 16 და მივიდა თავის დედამთილთან, და უთხრა: „რა იყო, ჩემო ასულო?” და მან მოუთხრო ყოველივე, რაც იმ კაცმა გაუკეთა. 17 და თქვა: „ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, რადგან მითხრა, ხელცარიელი ნუ წახვალო დედამთილთან”. 18 და უთხრა: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე შეიტყობდე, თუ რით დამთავრდება საქმე, რადგან ეს კაცი არ მოისვენებს, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ყველაფერს.”
თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close