HomeUncategorized

რუთი 2

ძველი აღთქმა
რუთი
21 ნაყომის მოკეთე ჰყავდა ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ერთი შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი. 2 და უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: „წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი.” და უთხრა: „წადი, ჩემო ასულო!” 3 წავიდა ის და მივიდა, და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო. 4 და აჰა, მოვიდა ბოყაზი ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: „უფალი იყოს თქვენთან!” და მიუგეს: „უფალმა გაკურთხოს!” 5 და ჰკითხა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?” 6 და მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომისთან ერთად არის მოსული მოაბის ველებიდან; 7 გვითხრა: ‘მაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზე.’ და მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს აქამდე. სახლში თითქმის არ ჩერდება.” 8 და მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „გამიგონე, ასულო ჩემო, ნუ წახვალ ასაკრეფად სხვა ყანაში. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი. 9 თვალს ნუ მოაშორებ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს.” 10 და დაემხო რუთი პირქვე, და თაყვანისცა მას მიწამდე. და უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი მიმიღე?”. 11 და მიუგო ბოყაზმა და უთხრა მას: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ – მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე, და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ. 12 უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან ისრაელის ღმერთისაგან, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც შენ მოხვედი.” 13 და უთხრა: „მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა კი ერთი შენი მხევლის ღირსიც კი არა ვარ.” 14 და უთხრა მას ბოყაზმა: „მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.” და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა. 15 და ადგა ასაკრეფად. ბოყაზმა უბრძანა თავის ბიჭებს და უთხრა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, და ნუ დააყვედრით მას. 16 და ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს და ნუ დაამადლით.” 17 და საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი. 18 და აიღო და წავიდა ქალაქში, და ნახა მისმა დედამთილმა მისი ანაკრეფი. და გამოიღო რუთმა და მისცა დედამთილს, რაც დარჩა დანაყრების შემდეგ. 19 და ჰკითხა მას დედამთილმა: „სად ჰკრეფდი შენ დღეს და სად შრომობდი? კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!” და უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც დღეს ვშრომობდი, ბოყაზი ჰქვია.” 20 და უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს.” და უთხრა მას ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის.” 21 და თქვა მოაბელმა რუთმა: „მან ისიც მითხრა: ‘დარჩი ჩემს მხევალთან, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიან.’” 22 და უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო ასულო, რომ მის მხევლებთან ერთად გახვალ, რათა არავინ გადაგაწყდეს სხვა ყანაში!” 23 და მართლაც ბოყაზის მხევლებთან იყო რუთი, კრეფდა თავთავს, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. და ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.
თავი პირველი                                                                                                                                        თავი მესამე

COMMENTS