რუთი 4

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
რუთი
41 გავიდა ბოყაზი კარიბჭესთან, და იქ ჩამოჯდა. და აჰა, იმ ახლო ნათესავმა უნდა ჩაიაროს, ვისზეც, ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა მას: „მოდი და აქ ჩამოჯექ!” და ისიც მივიდა და ჩამოჯდა. 2 და მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან, და უთხრა მათ: „დასხედით აქ.” და დასხდნენ ისინი. 3 და უთხრა მან ნათესავს: „ნაყომი, რომელიც დაბრუნდა მოაბის ველიდან, ჰყიდის ყანის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა. 4 და მე ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის და მეთქვა: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გამოიხსნი, გამოიხსენი, და თუ არ გამოიხსნი, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენს მეტს არავის არა აქვს გამოხსნის უფლება. შენს შემდეგ კი მე ვარ.” და უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ გამოვიხსნა.” 5 და თქვა ბოყაზმა: „როცა ყანას გამოისყიდი ნაყომის ხელიდან და მოაბელი რუთისაგან, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში.” 6 თქვა იმ ნათესავმა: „ვერ გამოვიხსნი. ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრებელი. შენ გამოიხსენი ქალი, რადგან მე ვერ გამოვიხსნი.” 7 ასეთი წესი ჰქონდათ უწინ ისრაელში გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში. 8 და უთხრა იმ ნათესავმა: „შენთვის გამოისყიდე!” და გაიძრო ფეხსაცმელი. 9 და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენ მოწმენი ხართ, გამოვისყიდე ნაყომის ხელიდან ელიმელექის მთელი საბადებელი, ქილიონის და მახლონის მთელი საბადებელი. 10 ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, ცოლად გამოვისყიდე, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის ძმებს შორის თავისი ადგილსამყოფლის კარიბჭიდან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!” 11 და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში! 12 და გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმავე თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან.” 13 და წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. და შევიდა მასთან, და მისცა უფალმა რუთს ორსულობა და შვა ვაჟი. 14 და დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ მოგიშალა ნათესავი დღეს! განდიდდეს მისი სახელი ისრაელში! 15 ის იყოს განმაახლებელი შენი სიცოცხლისა და მარჩენალი შენი სიბერისა, რადგან იგი გააჩინა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის.” 16 და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, კალთით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი. 17 და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და თქვეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის.” და დაარქვეს სახელად ყობედი. იგი იყო მამა იესესი, დავითის მამისა. 18 აჰა, შთამომავლობა ფერეცისა: ფერეცმა შვა ხეცრონი, 19 და ხეცრონმა შვა რამი, და რამმა შვა ყამინადაბი, 20 და ყამინადაბმა შვა ნახშონი, და ნახშონმა შვა სალმონი, 21 და სალმონმა შვა ბოყაზი, და ბოყაზმა შვა ყობედი, 22 ყობედმა შვა იესე, და იესემ შვა დავითი.
თავი მესამე                                                                                                                                      პირველი მეფეთა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close