მიქა 1

By
აგვისტო 30, 2015
ძველი აღთქმა
მიქა

11 უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორაშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების: იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიისა და იერუსალიმის გამო. 2 ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს მიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. 3 რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. 4 მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი. 5 იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? 6 ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვაზის ჩასაყრელ ადგილად, ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს. 7 ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ. ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქმნებიან. 8 ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. 9 რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდას; და ჩემი ერის კარიბჭესაც – იერუსალიმს – უწია. 10 ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში. 11 ჩაიარე შენთვის, შაფირელო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ. 12 რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე. 13 შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი! 14 ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს. 15 ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება. 16 თმა გადაიპარსე, გადაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ შენგან.

იონა                                                                                                                                                        თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close