HomeUncategorized

მიქა 3

ძველი აღთქმა
მიქა 

31 და ვთქვი მე: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა? 2 სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. 3 როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.” 4 მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ. თავის სახეს უმალავს იმ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან. 5 ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს. მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან. თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ. 6 ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე – მისნობის გარეშე. მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ. 7 გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. 8 მე კი აღვსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა. 9 ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. 10 სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით – იერუსალიმს. 11 მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს ემყარებიან, ამბობენ: „განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწვევაო.” 12 ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად.

თავი მეორე                                                                                                                                        თავი მეოთხე

Newer Post
Older Post

COMMENTS