იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
იოანეს 6:50-58
ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს. მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”. კამათობდნენ იუდევლები ერთმანეთში და ამბობდნენ: ,,როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?” იესომ უთხრა: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელია. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი – მასში. როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს. ეს არის ზეციდან ჩამოსული პური; ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს”.
იოანეს 6:32-33
იესომ უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.
იოანეს 6:41
დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: ,,მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”.
ლუკა 22:19
აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: ,,ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.