ბიბლიის მუხლები თემაზე
ელიას სასწაულები
4 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
4 მეფეთა 1:1-14
და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. და გადმოვარდა ახაზია სარკმლიდან თავისი ზემოთვალისა, სამარიაში რომ ჰქონდა, და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგანო? უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ?’ ამიტომაც ასე ამბობს უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. და დაბრუნდნენ მოციქულები მეფესთან და უთხრა მათ: „რატომ დაბრუნდით?“ და უთხრეს: „კაცი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: ‘წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგაგზავნათ, და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან აგზავნი საკითხავად? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ ჰკითხა მათ: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ და უთხრეს მას: „ბანჯგვლიანია ის კაცი და წელზე ტყავის ქამარი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“ და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და როცა ის მასთან ავიდა, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და უთხრა მას: „ღვთისკაცო! მეფე გიბრძანებს: ძირს ჩამოდიო.“ და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“ და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. და მესამედ მიუგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და უთხრა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათის, შენი მსახურის, სიცოცხლეს შენს თვალში. აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.
-
3 მეფეთა 17:17-24
ამ ამბების შემდეგ ავად გახდა იმ დედაკაცის – ოჯახის უფროსის ბიჭი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, იმდენად რომ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. და უთხრა დედაკაცმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ეტყობა, ჩემი ცოდვების მოსაკითხად და ჩემი ბიჭის მოსაკლავად მოხვედი.“ და უთხრა მან დედაკაცს: „მომეცი შენი ვაჟი.“ და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი, და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“ და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“ და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი. აიყვანა ელიამ ყრმა და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან, მიაწოდა დედას და უთხრა: „ნახე, ცოცხალია შენი ძე.“ და უთხრა დედაკაცმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში ჭეშმარიტად უფლის სიტყვაა.
-
3 მეფეთა 18:24-38
მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.“ და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.“ და გამოიყვანეს მათ მოზვერი, რომელიც ერგოთ და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და ეძახდნენ: „ხმა გაგვეცი, ბაყალ!“ მაგრამ არც ხმა იყო საიდანმე და არც – პასუხი. და ხტოდნენ ისინი სამსხვერპლოს წინ, რომელიც მათ ააგეს. შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ: „მაგრად უყვირეთ! რადგან ღმერთია იგი; ალბათ ფიქრებშია ან რაიმე უჭირს, ან გზაშია. იქნებ სძინავს კიდეც და ეგრე გაიღვიძებს!“ დიდი ხმით გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ, ისე ისერავდნენ კანს მახვილებითა და ლახვრებით, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგებდნენ საღამოს მსხვერპლშეწირვამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.“ და მივიდა მასთან მთელი ხალხი. და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს აღდგენა. აიღო ელიამ 12 ლოდი, იაკობის ძეთა შტოების რიცხვის მიხედვით, რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იყოსო სახელი შენი. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი საწყაო მარცვლის ტევადობის თხრილი და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დააწყო. და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით სრულადდასაწველ მსხვერპლსა და შეშას.“ და თქვა: „გაიმეორეთ.“ და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.“ მათაც გადაასხეს მესამედ. და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა.
-
3 მეფეთა 18:41-45
და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.“ და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა, ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე დაიხარა და სახე მუხლებში ჩარგო. და უთხრა თავის მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.“ წავიდა ის და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.“ და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.“ მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მუშტისოდენა პატარა ღრუბელი ამოდის ზღვიდან.“ და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: შეაბი ეტლი და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.“ ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და ჩაჯდა ეტლში ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა.