HomeUncategorized

3 მეფეთა 17

ძველი აღთქმა
3 მეფეთა
171 და უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.” 2 და გამოეცხადა უფლის სიტყვა: 3 „წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 4 ამ ხევიდან სვი წყალი, ყორნებს კი ვუბრძანე, რომ გკვებონ იქ.” 5 და წავიდა და უფლის სიტყვისამებრ გააკეთა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 6 და მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა. 7 გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად. 8 და იყო უფლის სიტყვა მის მიმართ: 9 „ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.” 10 და ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო.” 11 და წავიდა ქალი მოსატანად, მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: „პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.” 12 და თქვა ქალმა: „უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს. ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ ორ გუდურა შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით კიდეც.” 13 და უთხრა ელიამ: „ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ, 14 რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამ ქვეყანაში.’“ 15 და წავიდა და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა. და ჭამდა თვითონ, მისი სახლიც, და ელიაც რამდენიმე ხანს. 16 ფქვილი ქოთანში არ ილეოდა და ზეთი დოქში არ იკლებდა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას ხელით. 17 ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის – დიასახლისის – ვაჟი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. 18 და უთხრა ქალმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან, და ბავშვს მიკლავ?” 19 და უთხრა ელიამ: „მომეცი შენი შვილი.” და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. 20 და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?” 21 და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სამშვინველი მასში.” 22 და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სამშვინველი მასში. და გაცოცხლდა იგი. 23 და აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან სახლში და მისცა დედას. და თქვა ელიამ: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი.” 24 და უთხრა ქალმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა.”
თავი მეთექვსმეტე                                                                                                                        თავი მეთვრამეტე

COMMENTS