ეფესელთა 4:14
რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
2 ტიმოთეს 2:18
რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.
გამოცხადება 2:14-15
მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ. ისეთებიც იმყოფებიან შენთან, ნიკოლაელთა მოძღვრებას რომ მისდევენ, მე რომ მძულს.
ტიტეს 3:9
სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
1 ტიმოთეს 1:4
ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.
რომაელთა 16:17-18
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ; ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
ებრაელთა 13:9
არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
1 ტიმოთეს 6:3-4
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
1 იოანეს 4:1-3
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.