ესაია 2:2-4
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”. ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.
ესაია 24:1-13
აჰა, უფალი აუკაცრიელებს დედამიწას და აცამტვერებს, ასხვაფერებს მის ზედაპირს და ფანტავს მის მცხოვრებთ. გახდება ხალხი მღვდელივით, მსახური – ბატონივით, მხევალი – ქალბატონივით, მყიდველი – გამყიდველივით, მსესხებელი – გამსესხებელივით და მოვალე – მევალესავით. გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს. გლოვობს და დაჭკნა დედამიწა, მიილია და გახმა ქვეყნიერება, გაქრნენ ქვეყნის წარჩინებულნი. შეიბილწა ქვეყანა მისი მცხოვრებლებით, რადგან განუდგნენ რჯულს, შებღალეს წესი და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ. მაჭარი გლოვობს, ვაზი ხმება, ოხრავს ყველა გულმხიარული. შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება. აღარ მღერიან ღვინის სმისას, სასმელი გაუმწარდათ მსმელთ. დაინგრა დაცარიელებული ქალაქი, ყველა სახლი დაიკეტა – ვერავინ შედის. ღვინოს მისტირიან ქუჩებში, მხიარულება სიმწარედ იქცა, ლხინი განიდევნა ქვეყნიდან. აოხრდა ქალაქი, ნანგრევებად იქცა კარიბჭე. ვინაიდან ისე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას და ნამცვრევის კრეფისას, როგორც რთველის შემდეგ.
ესაია 26:20-21
მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი სამყოფელიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი დანაშაულის გამო, მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ.
ესაია 2:9-21
მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ. შედით კლდეში და მტვერში ჩაიმალეთ უფლის შიშისა და მისი სიდიადის ბრწყინვალების გამო. კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნება დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს. რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი; ის გამოვა ლიბანის ყველა მაღალი და ამაღლებული კედარისა და ბაშანის ყველა მუხის წინააღმდეგ; ყველა მაღალი მთისა და ყველა ამაღლებული ბორცვის წინააღმდეგ; ყველა მაღალი კოშკისა და ყველა გამაგრებული გალავნის წინააღმდეგ; თარშიშის ყველა ხომალდისა და მათი ყველა სასურველი მოკაზმულობის წინააღმდეგ. დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს, და მთლიანად გაქრებიან კერპები. კლდის გამოქვაბულებში შევლენ და მიწის ხვრელებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად. იმ დღეს ადამიანები თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თაყვანსაცემად რომ გაიკეთეს. მთის გამოქვაბულებსა და კლდის ბზარებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
ესაია 24:16-23
ქვეყნის კიდიდან გვესმის სიმღერა: „დიდება მართალს!” მაგრამ მე ვთქვი: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ და მეტად ღალატობენ მოღალატენი. შიში, ორმო და მახეა თქვენს წინაშე, ქვეყნიერების მკვიდრნო! და იქნება: უბედურების ხმაზე გაქცეული ორმოში ჩავარდება და ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან გაიღო ცის სარკმელები და შეირყა ქვეყნის საძირკველნი. შეიმუსრა, შეიმუსრა დედამიწა; გაიპო, გაიპო დედამიწა; შეირყა, შეირყა ქვეყანა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ფიცრულივით ირყევა, დანაშაულმა დაამძიმა, დაეცემა და ვეღარ ადგება. იმ დღეს იქნება, რომ უფალი დასჯის ზეცის მხედრობას მაღლა და ქვეყნის მეფეებს დედამიწაზე. ერთად შეკრებენ მათ, როგორც ტუსაღებს დილეგში, საპყრობილეში გამოამწყვდევენ და მრავალი დღის შემდეგ დასჯიან. მთვარე გაწბილდება და მზე შერცხვება, რადგან ცაბაოთ უფალი იმეფებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე იქნება მისი დიდება.
მსგავსი თემები:
ათასწლიანი სამეფო ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე ათასწლოვანი სამეფო, საყოველთაო მშვიდობა და კურთხევა ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე აღადგენს ისრაელს