მთავარითემები „ა"ამნისტია

ამნისტია

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 11:13
    უთხრა საულმა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
  2. 2 მეფეთა 19:16-23
    შიმყი, გერას ძე, ბენიამინელი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად. თან ახლდა ათასი ბენიამინიელი კაცი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური, თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურითურთ, და გადმოლახეს იორდანე მეფის თვალწინ. და გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. და როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე. და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმს ტოვებდა მეფე-ბატონი, და გულში ნუ ჩაიდებ ამას, მეფევ, რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.” და მიუგო აბიშაიმ ცერუიას ძემ და თქვა: „ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?” და თქვა დავითმა: „რა საქმე მაქვს თქვენთან, ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგახართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?” და უთხრა მეფემ შიმყის: „არ მოკვდები.” და შეჰფიცა მას მეფემ.
  3. 1 მეფეთა 26:1-11
    მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?” და ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელის ძითურთ ზიფის უდაბნოსკენ დაეშვა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში. და დადგა საული ხაქილას გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას, ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოდიოდა მის კვალზე საული უდაბნოში. და გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული. და ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. და დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული კარავში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო დაბანაკებული. მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, და უთხრა: „ვინ ჩამყვება საულთან მის ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: „მე ჩაგყვები.” და მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან, და აჰა, ხედავენ: წევს და სძინავს საულს კარავში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. და აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან. და უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგაგდებინა ხელში შენი მტერი. ნება მომეცი, ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.” და უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ მოკლავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.” და თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება, უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა, და წავიდეთ ჩვენთვის.
  4. მათეს 27:16-26
    ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?” ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.” ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?” მათ უთხრეს: „ბარაბა.” უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!” ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!” როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.” მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.” მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
  5. მარკოზის 15:7-15
    და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?” ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?” მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!” პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?” მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!” პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.

← ყველა თემა „ა"-ზე

Close
Close