დაბადება 4:1-17
და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: „უფლის წყალობით შემეძინა კაცი.” და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი. და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა, და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე. და ჰკითხა უფალმა კაენს: „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე? თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. და შენკენ იქნება მისი სწრაფვა, მაგრამ შენ იბატონებ მასზე.” და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი. და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” და უპასუხა მან: „არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?” და უთხრა უფალმა: „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან! ამიერიდან წყეული იყავ შენ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თვისი პირი შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან მისაღებად. რადგან დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს შენ ძალას. მოხეტიალე და მაწანწალა იქნები მიწაზე!” და უთხრა კაენმა უფალს: „დიდია ცოდვა ჩემი, მიუტევებელია! მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.” და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის იქნება შურისგებული.” და დაადვა უფალმა ნიშანი კაენს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს. და გასცილდა კაენი უფლის პირს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
ებრაელთა 11:4
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ.
ებრაელთა 12:24
და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
1 იოანეს 3:11-12
რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.
იუდას 1:11
ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი.