Homeიუდა

იუდას 1

ახალი აღთქმა          
იუდა მოციქულის წერილი
მისალმება

11 იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა — მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. 2 გაგიმრავლოთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული.


ცრუმოძღვართა სასჯელი

3 საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენ საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა. ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდება, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
   5 მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი. 6 ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთ სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი. 7 როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი,
    8 ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ. მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: ,,შეგრისხოს უფალმა!“ 10 ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს. 11 ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისთვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტებით იღუპებიან, როგორც კორახი. 12 ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი — ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი, 13 მძვინვარე ტალღები ზღვისა, თავისივე სირცხვილით აქაფებული, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
   14 ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: ,,აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“ 15 რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ. 16 ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვნად სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ.

გაფრთხილება და შეგონება

17 თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული. 18 ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი. 19 ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი. 20 ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, 21 დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. 22 ერთნი — დაეჭვებულნი შეიწყალეთ. 23 სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებულნი პერანგი შეიზიზღეთ.

კურთხევა

24 ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე, 25 ერთადერთ ბრძენს — ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

იოანე მოციქულის მესამე წერილი                                        პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ

COMMENTS