Home1თესალონიკელთა

1 თესალონიკელთა 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ
პავლეს მსახურება თესალონიკეში

21 თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით. ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება. არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, ანგარების მიზნით. ღმერთია მოწამე. არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას – არც თქვენგან, არც სხვებისაგან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის სახარებას. 10 თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენდამი – მორწმუნეთა მიმართ. 11 რადგან, თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. 12 განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ.
   13 ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში. 14 რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე, როგორც მათ – იუდეველთაგან, 15 რომელთაც უფალი იესო მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან, 16 გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მიეწევათ რისხვა საბოლოოდ.

ეკლესიაში კვლავ მისვლის სურვილი

17 ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირისხილვას. 18 ამისათვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ, თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. 19 რადგან რა არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას? 20 ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

COMMENTS