HomeUncategorized

სოფონია 2

ძველი აღთქმა
სოფონია

21 გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო. 2 ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. 3 ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს. 4 რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი. 5 ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები. 6 გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის ფარეხებად. 7 იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს. 8 „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. 9 ამიტომაც, ვფიცავ, –ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები – გომორას, ჭინჭრიან ადგილს, და ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.” 10 ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. 11 საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული. 12 „თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით.” 13 გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით. 14 ყოველთაა მხეცთა ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე. მათი ხმა გაისმება სარკმლებში. ყორანი დაიყეფს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედრის კედლები. 15 ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: ‘მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არის.’ როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც ჩაუვლის მას შორიახლოს, დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.

თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS