HomeUncategorized

სოფონია 1

ძველი აღთქმა
სოფონია

11 უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიაჰუსი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიაჰუსი – იუდას მეფისა – იოშიაჰუ ამონის ძის დროს. 2 „ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან,” – ამბობს უფალი, – 3 „ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან,” – ამბობს უფალი, – 4 „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, 5 მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ; 6 მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ. 7 იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე. რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები. 8 დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით შემოსილს. 9 მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს. 10 გაისმება იმ დღეს,” – ამბობს უფალი, – „გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა – საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი – მთაგორებიდან. 11 ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი. 12 სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ, არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. 13 განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ. ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ შესვამენ.” 14 ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. 15 რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, 16 ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. 17 ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი. 18 ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.

აბაკუმი                                                                                                                                                      თავი მეორე

COMMENTS