ლუკას 1:57-60
დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის, მაგრამ დედამისმა თქვა: ,,არა, იოანე ერქმევა მას”.
ლუკას 1:5-13
იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი. ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას. შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში. კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა. და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი – საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი. მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო. უთხრა ანგელოზმა: ,,ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
ლუკას 1:14-17
გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ – მათი ღმერთისკენ. და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
ლუკას 1:76-79
და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან, სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
ლუკას 1:36
აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
ლუკას 1:80
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
ლუკას 7:33
ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
ლუკას 7:24-25
როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: ,,რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა? მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.
ლუკას 3:3-6
დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”.
ესაია 40:3
ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: ,,გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
ლუკას 3:7-23
ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”. და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო? ეუბნებოდა მათ პასუხად: ,,ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”. მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: ,,მოძღვარო, რა ვქნათ?” ხოლო მან უპასუხა: ,,თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”. ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: ,,ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: ,,ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”. ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე – ქრისტე ხომ არ არისო. იოანე ყველას პასუხობდა: ,,მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით; მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა, ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე. როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”. თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
იოანეს 11:1
ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: ,,უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
ლუკას 7:18-23
აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა. მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: ,,შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?” ჰკითხეს მისულმა კაცებმა: ,,იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?” იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: “წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
ლუკას 9:7-9
მეოთხედმთავარმა ჰეროდემ რომ გაიგო, რასაც იესო აკეთებდა, საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგი ამბობდა, იოანე აღდგაო მკვდრეთით; ზოგიც – ელია გამოჩნდაო, სხვები – ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღმდგარაო. თქვა ჰეროდემ: ,,იოანეს თავი მე მოვკვეთე, ეს ვინღაა, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?” და უნდოდა მისი ნახვა.
ლუკას 7:28
ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.