მათეს 13:3-9
მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი. სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
მათეს 13:18-23
თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი. ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას; მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება. ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
ლუკას 13:18-19
მან თქვა: „რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი? მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.
მათეს 21:33-41
მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად. შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს! შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს. ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?” მიუგეს: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”.