HomeUncategorized

ანგია 2

ძველი აღთქმა
ანგია

21 მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: 2 „უთხარი ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს, და მთელს დანარჩენ ხალხს: 3 ‘ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! 4 ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ!’ – ამბობს უფალი. – ‘გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 5 სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენს შორის. ნუ გეშინიათ.’ 6 რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. 7 შევარყევ ყველა ხალხს და აღსრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 8 ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 9 პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, – ამბობს ცაბაოთ – ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი.” 10 მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: 11 „ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ‘ჰკითხე მღვდლებს რჯული: 12 აჰა, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თავისი სამოსლის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, თუ გახდება წმიდა?’“ მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: „არა.” 13 თქვა ანგიამ: „თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი?” მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: „გაუწმიდურდება.” 14 მიუგო ანგიამ და უთხრა: „ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი. – ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია. 15 ახლა დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში. 16 მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი. 17 გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით. და მაინც არ მოიქეცით ჩემსკენ,’ ამბობს უფალი. 18 ‘დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით: 19 თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.’“ 20 მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: 21 „ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: ‘შევარყევ ცას და მიწას. 22 დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, 23 იმ დღეს’, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო,’ – ამბობს უფალი, – ‘და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ’“, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

თავი პირველი                                                                                                                                                  ზაქარია

COMMENTS