ძველი აღთქმა
ესაია
461 ჩაიმუხლა ბელმა, მოიხარა ნებო. მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; თქვენს მიერ ნატარები ტვირთი ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის. 2 ჩაიკუზნენ, ჩაიმუხლეს ერთბაშად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა, და თვითონაც ტყვეობაში წავიდნენ. 3 „მისმინეთ მე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩენო! დედის მუცლიდან, დედის საშოდან ჩემს მიერ ნატარებნო. 4 თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ. მე შევქმენი და მე ვიტვირთავ; მე ვზიდავ და მე გადავარჩენ. 5 ვის მიმამსგავსებთ და შემადარებთ, ვის მიმამგვანებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ? 6 რომლებიც გადმოაბნევენ ქისიდან ოქროს და ვერცხლს სასწორზე სწონიან, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ ღმერთი გააკეთოს მისგან, ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ მას. 7 გაიდებენ მას მხარზე, ატარებენ, და დებენ მის ადგილზე, დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ სცემს, მათ გასაჭირში ვერ იხსნის. 8 გაიხსენეთ ეს და გამხნევდით, მიიტანეთ, დამნაშავენო, გულთან. 9 გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. 10 ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’ 11 მოვუხმობ აღმოსავლეთიდან მტაცებელ ფრინველს, შორი ქვეყნიდან ჩემი გადაწყვეტილების აღმსრულებელს; მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც. 12 მისმინეთ მე, გულმაგარნო, სიმართლეს განშორებულნო: 13 მე მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ჩემი ხსნა არ დაახანებს. და მოვიტან სიონზე ხსნას და ისრაელისთვის – ჩემს დიდებას.