იობი 21

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
211 და მიუგო იობმა და თქვა: 2 მენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა ჩემი. 3 ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ. 4 განა ადამიანს ვემდური? როგორ არ ვიქნები სულმოკლე? 5 შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი. 6 ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს. 7 რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ? 8 მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. 9 მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე. 10 მისი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. 11 ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები. 12 მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულებენ სალამურის ხმაზე. 13 კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს. 14 ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები. 15 რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?’ 16 აჰა, მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის! –ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან! 17 ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს? 18 იქნებიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და როგორც ბზე, ქარიშხლისაგან მოტაცებული. 19 შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მის შვილებს.’– დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ! 20 იხილონ მისმა თვალებმა თავისი უბედურება და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა. 21 რადგან რაღა სარგებლობა აქვს თავის სახლში სიკვდილის შემდგომ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება? 22 ნუთუ ღმერთს ჭკუა ესწავლება, როცა იგი ზენაურთ განიკითხავს? 23 ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი. 24 მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით. 25 ზოგი კი სულგამწარებული კვდება, და არ უნახავს სიკეთის გემო. 26 ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ. 27 მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე, 28 რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოთა კარავ-სავანეები?’ 29 განა არ შეეკითხეთ გზად ჩამვლელებს, და არ გსმენიათ მათი მოწმობები, 30 რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი კაცი, გარიდებულ იქნება რისხვის დღეს? 31 ვინ ამხილებს მას პირში მისი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მას ნამოქმედარისთვის? 32 სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მის საფლავს. 33 ტკბილად მიიღებს ველის გორახებს, მრავალი კაცი გააცილებს მის ცხედარს, და მის წინაც მრავალი წაუძღვება. 34 როგორღა მანუგეშებთ მე ამაოებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!”
თავი მეოცე                                                                                                                                         თავი ოცდამეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close