ძველი აღთქმა
იობი
151 და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: 2 „განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ხორშაკით უნდა ივსებდეს მუცელს? 3 უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა? 4 შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღვთის წინაშე, 5 რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია. 6 შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ. 7 პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, და ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ? 8 ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია? 9 ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ? 10 ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით. 11 გეცოტავება ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი? 12 სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს? 13 ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან? 14 რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს დედაკაცის ნაშობი? 15 აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა, 16 მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას! 17 გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები, 18 რაც ბრძენკაცებს სმენიათ და არ დაუმალავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი. 19 მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის. 20 იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის, 21 შიშისზარია მის ყურებში, მშვიდობიანობის დროსაც მას ესხმის დამღუპველი. 22 არ სწამს მას, რომ წყვდიადიდან დაბრუნდება, განწირულია მახვილისათვის. 23 დაწანწალებს ლუკმაპურისთვის, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში. 24 აძრწუნებს მას იწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მას, მსგავსად საომრად გასული მეფისა. 25 რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა. 26 ეჭრებოდა მას ჯიუტად, თავისი სქელკოპებიანი ფარით, 27 რადგან თავისივე ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თეძოებზე. 28 და დავანებულია აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული. 29 ვერ გამდიდრდება და არ გაძლებს მისი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი ნაგრამი. 30 ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი დააჭკნობს მის ყლორტებს, და მისი პირის მონაბერით წარიტაცება. 31 ნუ ირწმუნებს ამაოებას იგი, ვინც თავს იტყუებს, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური. 32 უდროოდ გათავდება და მისი ტოტები ვერ ამწვანდება. 33 დაემსგავსება ვაზს, ისვრიმი რომ შეაჭკნა, და ზეთისხილს, ყვავილში რომ ბერტყავენ, 34 რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. 35 მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და შიგანი მათი ამზადებს სიცრუეს”.