ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
21 შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს შეინახავ, 2 ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მოუხრი გონიერებას, 3 რადგან თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას; 4 თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს, 5 მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ. 6 რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. 7 შეუნახავს მოსაზრებულობას პატიოსანთ, ის ფარია უბიწოდ მავალთათვის, 8 რათა დაიცვას სამართლის გზები და წმიდათა ბილიკებს გაუფრთხილდეს. 9 მაშინ გაიგებ სამართლიანობას და სამართალს და პატიოსნებას – სიკეთის ყველა ბილიკს. 10 როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, 11 განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, 12 რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან, 13 მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით, 14 რომელნიც ხარობენ ბოროტის ქმნით, ილხენენ ბოროტი უკუღმართობით, 15 რომელთა გზები მრუდეა და უკუღმართობენ თავიანთ ბილიკებზე. 16 რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოტომელისაგან, რომლის ნათქვამიც ლაქარდიანია, 17 რომელმაც დატოვა თავისი სიყმაწვილის მეგობარი და თავისი ღმერთის აღთქმა დაივიწყა, 18 რადგან მის სახლს სიკვდილისაკენ მიჰყავს და მის ბილიკებს –მკვდრებისკენ. 19 არც ერთი მასთან შემსვლელი უკან არ ბრუნდება და ვეღარ ჰპოვებენ სიცოცხლის გზებს. 20 რათა იარო კეთილთა გზით და მართლის ბილიკები შეინახო. 21 რადგან წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში. 22 ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან.