ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
121 დარიგება უყვარს ცოდნის მოყვარულს, მხილება უმეცარს სძულს. 2 კეთილი მოწონებას მოიხვეჭს უფლისაგან, მზაკვარ კაცს კი გაასამართლებს. 3 ვერ დაფუძნდება ადამიანი უკეთურებით, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა. 4 გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში. 5 მართალთა ფიქრები სამართალია, უკეთურთა ფანდები – სიცრუე. 6 უკეთურთა სიტყვები ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად, მართალთა ბაგენი კი იხსნიან მათ. 7 დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი დარჩება. 8 მისი ჭკუისამებრ შეაქებენ კაცს, გულმრუდი კი დასაცინი გახდება. 9 სჯობს იყო შეურაცხი და თავისი თავის პატრონი ვიდრე პატივმოყვარე და ულუკმაპურო. 10 სამართალმა იცის თავისი საქონლის საჭიროება, ხოლო უკეთურთა სიბრალულიც კი სასტიკია. 11 თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი უგნურია. 12 უკეთურს ბოროტთა მომხრობა სწადია, მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოსცემს. 13 ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული, მართალი კი გაჭირვებიდან გამოვა. 14 თავისი პირის ნაყოფისგან კაცი სიკეთით გაძღება, ადამიანის ხელის საზღაური კი მასვე დაუბრუნდება. 15 სულელის გზა სწორია მის თვალში, ბრძენი კი რჩევას უსმენს. 16 სულელი გამოამჟღავნებს თავის სიბრაზეს, გონიერი კი შეურაცხყოფას ფარავს. 17 ჭეშმარიტების აღმომსუნთქველი სიმართლეს აცხადებს, ცრუ მოწმე კი – ცბიერებას. 18 ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა. 19 ჭეშმარიტების ბაგენი სამუდამოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია. 20 ცბიერებაა ბოროტის განმზრახველთა გულში, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ. 21 არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან. 22 ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია. 23 გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, რეგვენთა გული კი სისულელეს აცხადებს. 24 ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად იქნება. 25 გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს. 26 მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს. 27 სიზარმაცე ვერ მოიპოვებს ნანადირევს, ადამიანის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა. 28 მოწყალების გზაზე სიცოცხლეა და მისი ბილიკი უკვდავებისკენ არის მიმართული.