იესო ნავეს ძე
91 ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის სანაპიროზე ლიბანის ახლოს, ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, 2 თავი ერთად მოიყარეს, რომ შებრძოლებოდნენ იესოსა და ისრაელს ერთსულოვნად. 3 როდესაც გაიგეს გაბაონის მკვიდრებმა, რა უყო იესომ იერიხოსა და ჰაღაის, 4 ცბიერად მოიქცნენ: წავიდნენ და დაიმზადეს საგზალი, და აჰკიდეს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეთქილი და გადაკერებული ტიკები, თავიანთ სახედრებს. 5 და ფეხზეც გაცვეთილი ფეხსამოსი ეცვათ და ტანზეც გაცვეთილი სამოსელი ემოსათ. და მთელი მათი საგზალი პური გამხმარი იყო და დაობებული. 6 და მივიდნენ იესოსთან ბანაკში, გილგალში, და უთხრეს მას და მთელ ისრაელს: „შორი ქვეყნიდან მოვედით ჩვენ. და ახლა აღთქმა დაგვიდეთ.” 7 და უთხრეს ისრაელიანებმა ხიველებს: „ეგებ, ჩვენს შორის მკვიდრობ შენ, და შენ დაგიდო აღთქმა?” 8 და უთხრეს იესოს: „შენი მსახურები ვართ.” და ჰკითხა მათ იესომ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?” 9 უთხრეს მათ: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი. უფლის, შენი ღმერთის, სახელით, რადგან გვსმენია მისი ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა, 10 და ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა: სიხონს – ხეშბონის მეფეს, და ყოგს – ბაშანის მეფეს, რომელიც ყაშთაროთში იყო. 11 და გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრმა ასე: ‘აიღეთ ხელში საგზალი გზისთვის, და წადით მათ შესახვედრად და უთხარით მათ: „ჩვენ თქვენი მსახურები ვართ და ახლა დაგვიდეთ აღთქმა.”’ 12 ეს ჩვენი პური, ჯერ კიდევ თბილი იყო, როცა საგზლად წამოვიღეთ ჩვენი სახლებიდან იმ დღეს, თქვენთან წამოსასვლელად რომ გამოვედით, და ახლა ის გამხმარია და დაობებული. 13 და ეს ღვინის ტიკები, რომ ავავსეთ, ახლები იყო, და აჰა დასკდა. და ჩვენი სამოსელი და ფეხსაცმელი გაცვდა ძალიან შორი გზის გამო.” 14 და აიღეს ისრაელიანმა მათი საგზალი და უფლის ბაგეს არ დაეკითხნენ. 15 და სამშვიდობო ზავი შეკრა მათთან იესომ და დაუდო მათ პირობა, რომ ცოცხლებს დატოვებდა. და შეჰფიცეს მათ თემის მთავრებმა. 16 სამი დღე რომ გავიდა კავშირის შეკვრიდან, გაიგეს, რომ ისინი მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს უცხოვრიათ. 17 და აიყარნენ ისრაელის ძენი, და მესამე დღეს მივიდნენ მათ ქალაქებში. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი. 18 და არ მოსრეს ისინი ისრაელის ძეთ, რადგან თემის მთავრებმა უფალი, ისრაელის ღმერთი, დაუფიცეს. და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე. 19 და უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: „ჩვენ მათ უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ, და ამიტომ მათი ხელის ხლება არ შეგვიძლია. 20 ასე მოვექცევით მათ: ცოცხლები დავტოვეთ, რომ არ დაგვატყდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ მათ.” 21 და უთხრეს მათ მთავრებმა: „იცოცხლონ! შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დაუდგნენ მთელ თემს”, ასე გადაუწყვიტეს მათ მთავრებმა. 22 და მოუხმო მათ იესომ, და უთხრა: „რად მოგვატყუეთ, რომ გვითხარით: ძალიან შორს ვართო თქვენგან, და ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ? 23 და ახლა წყეულიმც იყავი, ნუ გამოილევა თქვენგან მსახური, და შეშის მჭრელები, და წყლის მხაპავები ჩემი ღმერთის სახლისთვის.” 24 და მიუგეს იესოს, და უთხრეს: „რადგან გაგებით გაგებული ჰქონდათ შენს მსახურთ, რაც უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რათა მოეცა თქვენთვის მთელი ეს ქვეყანა და გაენადგურებინა ყოველი მკვიდრი ქვეყნისა თქვენს წინაშე, შეგვეშინდა ჩვენი სიცოცხლის გამო თქვენს წინაშე და ეს საქმე მოვიმოქმედეთ. 25 და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.” 26 და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი. 27 და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევდა.