ძველი აღთქმა
იერემია
91 „ო, ნეტავ, ჩემი თავი წყალი იყოს და ჩემი თვალი ცრემლის წყარო! ვიტირებდი მე დღე და ღამე ჩემი ერის ასულის განსაკურნებლად! 2 ო, ნეტავ, უდაბნოში თავშესაფარი მქონდეს მგზავრთათვის! დავტოვებდი ჩემს ერს და წავიდოდი მათგან, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა კრებული. 3 ჭიმავენ თავიანთ ენას, თავიანთ ცრუ მშვილდს, და სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ,” – სიტყვა უფლისა. – 4 „მოერიდეთ თითოეული თავის მოყვასს და ნურც ერთ ძმას ნუ ენდობით, რადგან ყოველი ძმა მზაკვრობს და ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს. 5 და ყოველი თავის მოყვასს დასცინის და სიმართლეს არ ლაპარაკობენ, მიაჩვიეს თავიანთი ენა სიცრუის ლაპარაკს, გადაიღალენ უსამართლობით. 6 შენი საჯდომი სიცრუეშია, სიცრუის გამო უარს ამბობენ ჩემს ცნობაზე,” – სიტყვა უფლისა. 7 ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „აჰა, მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ, სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისთვის? 8 მათი ენა ბასრი ისარია, მზაკვრობას ლაპარაკობს, პირით მშვიდობას ეუბნებიან თავიანთ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ. 9 ამათ გამო არ დავსაჯო ისინი?” – სიტყვა უფლისა, – „ასეთ ხალხებზე არ იძიებს შურს ჩემი სული? 10 მთებზე ავამაღლებ ტირილს და ქვითინს და უდაბნოს საძოვრებზე – მოთქმას, რადგან აოხრდნენ ისინი უგამვლელოდ და არ ისმის სამწყსოს ხმა, ცის ფრინველიდან საქონლამდე დაიფანტნენ, წავიდნენ. 11 და გავხდი იერუსალიმს ქვის გროვად, ტურების ბუნაგად და იუდას ქალაქებს გავხდი უდაბურს, უკაცრიელს.” 12 ვინ არის ის ბრძენი კაცი, რომ ეს გაიგოს? და ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ გამოაცხადოს, თუ რისთვის დაიღუპა ქვეყანა, აოხრდა, როგორც უდაბნო, არავინ არის იქ გამვლელი. 13 და თქვა უფალმა: „რადგან დატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას, 14 და დადიოდნენ თავიანთი გულის შეუპოვრობისა და ბაყალების კვალზე, როგორც მათმა მამებმა ასწავლეს მათ. 15 ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „მე ვაჭმევ მათ, ამ ერს, აბზინდას და ვასმევ მათ შხამიან წყალს. 16 და გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობდნენ ისინი და არც მათი მამები, და მახვილს მივადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.” 17 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „დაუკვირდით და მოუხმეთ მოტირალთ, რომ მოვიდნენ, და გაგზავნეთ ბრძენ ქალებთან, რომ ისინიც მოვიდნენ. 18 იჩქარონ და აამაღლონ ჩვენზე მოთქმა, რომ ჩამოგვცვივდეს თვალებიდან ცრემლები და ჩვენი ქუთუთოებიდან წყალმა ჩამოწვეთოს. 19 რადგან მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: ‘როგორ გავტიალდით, შევრცხვით მეტისმეტად! უნდა დავტოვეთ ქვეყანა, რადგან გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდან!” 20 აბა, ისმინეთ, ქალებო, სიტყვა უფლისა, ყურად იღეთ სიტყვა მისი პირისა და ასწავლეთ თქვენს ასულთ მოთქმა და ერთმანეთს – გოდება: 21 „რადგან ამოვიდა სიკვდილი ჩვენს სარკმლებზე, შემოვიდა ჩვენს სასახლეებში, რათა მოსპოს ბავშვები ქუჩაში და ჭაბუკნი მოედნებზე. 22 თქვი: ასეთია სიტყვა უფლისა: ‘დაეყრებიან ადამიანთა გვამები, როგორც ნაკელი ყანაში და როგორც ძნა მომკელის უკან, და არავინ იქნება ამკრეფი.’” 23 ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. 24 არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” – სიტყვა უფლისა. – 25 „აჰა, დღეები მოდის,” – სიტყვა უფლისა, – „და დავსჯი მე ყველა ჩუჩით წინადაუცვეთელს: 26 ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხი წინადაუცვეთელია, მთელი ისრაელის სახლი კი გულით არის წინადაუცვეთელი.”