იერემია 35

ივლისი 18, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
351 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, დღეებში: 2 „წადი რეხაბელთა სახლში და ელაპარაკე მათ და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ ოთახში, და ასვი მათ ღვინო.” 3 და წავიყვანე მე იააზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმა, და მისი ყველა ძე და რეხაბელთა მთელი სახლი. 4 და მოვიყვანე ისინი უფლის სახლში ხანანის, იგდალიაჰუს ძის, ღვთის კაცის, ძეთა, ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო მაყასეიას, შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ. 5 და დავაწყვე რეხაბელთა სახლის ძეთა წინ ღვინით სავსე თასები და ჭიქები, და ვუთხარი მათ: „შესვით ღვინო!” 6 მათ თქვეს: „ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რეხაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ‘ღვინო არ სვათ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდე! 7 სახლები არ აშენოთ, თესლი არ თესოთ. და ვენახი არ დარგოთ; და არაფერი იქონიოთ, მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა იცოცხლოთ დიდხანს მიწის პირზე, რომელზეც თქვენ მდგმურობთ. 8 და გავუგონეთ იონადაბის, რეხაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყოველივეს, რაც მან გვიბრძანა, რომ არ ვსვათ ღვინო მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ძეებმა და არც ჩვენმა ასულებმა, 9 არ ვაშენოთ სახლები ჩვენს სამოსახლოდ, არც ვენახი, არც მინდორი და არც თესლი არ გვქონდეს ჩვენ; 10 და ვცხოვრობდით ჩვენ კარვებში და გავუგონეთ და გავაკეთეთ ყოველივე ისე, როგორც გვიბრძანა ჩვენ იონადაბმა, ჩვენმა მამამ. 11 მაგრამ როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყანას მოადგა, ჩვენ ვთქვით: „მოდით, წავიდეთ იერუსალიმში, ვინაიდან უნდა გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქართ,” და აჰა, დავსახლდით იერუსალიმში. 12 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: 13 „ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: არ მიიღებთ დარიგებას, არ გაუგონებთ ჩემს სიტყვებს?’ – სიტყვა უფლისა. 14 შეასრულეს იონადაბის, რეხაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არ სვათ ღვინო; და არ სვამენ ღვინოს, რადგან გაიგონეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ მე კვლავ და კვლავ გეუბნებოდით და არ მომისმინეთ! 15 გიგზავნიდით და გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველთ, ამ სიტყვებით: ‘დაბრუნდით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, გამოასწორეთ თქვენი ნამოქმედარი, ნუ გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რათა ემსახუროთ მათ, და დასახლდებით ამ მიწაზე, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ მომისმინეთ. 16 ხომ შეასრულეს იონადაბ რეხაბის ძის ძეებმა თავიანთი მამის ბრძანება, რაც უბრძანა მათ, ამ ერმა კი არ მომისმინა მე!’ 17 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რომელიც წარმოვთქვი მათზე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმინეს, ვეძახდი მათ და არ მიპასუხეს.’” 18 და რეხაბელთა სახლს კი უთხრა იერემიამ: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘იმის გამო, რომ გაუგონეთ იონადაბის, თქვენი მამის, ბრძანებას და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და შეასრულეთ ყოველივე ისე, როგორც გიბრძანათ თქვენ,’ 19 ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘არ დაელევა იონადაბ რეხაბის ძეს ჩემს წინაშე მჯდომი კაცი არასოდეს.’”
თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                     თავი ოცდამეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close