ძველი აღთქმა
იერემია
321 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი. 2 მაშინ შემოარტყა ალყა ბაბილონის მეფის ლაშქარმა იერუსალიმს და იერემია წინასწარმეტყველი დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში, იუდას მეფის სახლთან რომ არის. 3 იუდას მეფემ, ციდკიაჰუმ, დააპატიმრა იგი და უთხრა: „რატომ წინასწარმეტყველებ ასე: და თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ხელში და ის დაიპყრობს მას. 4 და იუდას მეფე ციდკიაჰუ ვერ დააღწევს თავს ქალდეველთა ხელს, რადგან გადაეცემა ბაბილონის მეფის ხელს და პირისპირ ილაპარაკებს მასთან, და თავისი თვალებით შეხედავს მის თვალებს. 5 ბაბილონში წაიყვანს ის ციდკიაჰუს და იქნება იქ, სანამ არ გავიხსენებ მას,’ – სიტყვა უფლისა, – ‘თუ იბრძოლებთ ქალდეველებთან, წარმატებას ვერ მიაღწევთ.’” 6 და თქვა იერემიამ: „იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 7 „აჰა, ხანამეელი, შენი ბიძის, შალუმის ძე, მოდის შენთან სათქმელად: ‘იყიდე შენთვის ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთშია, რადგან გამოსყიდვის უფლების თანახმად შენ უნდა იყიდო.’ 8 და მოვიდა ჩემთან ხანამეელი, ძე ჩემი ბიძისა, უფლის სიტყვისამებრ, საყარაულო ეზოში და მითხრა: ‘იყიდე ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთშია, ბენიამინის ქვეყანაში, რადგან შენა გაქვს უფლება მემკვიდრეობისა და უფლება გამოსყიდვისა. იყიდე შენთვის!’ და მე მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო. 9 და მე ვიყიდე ეს მინდორი ჩემი ბიძაშვილის ხანამეელისაგან, რომელიც ყანათოთშია, და ავუწონე მას ფული – შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი. 10 და ჩავწერე წერილში და დავბეჭდე, და დავიმოწმე მოწმენი და ავწონე ფული სასწორით. 11 ავიღე ნასყიდობის წერილი, როგორც დაბეჭდილი, რომელიც შეიცავდა პირობებსა და წესებს, ისევე ღია. 12 და მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუქს, ძეს ნერიასი, ძისა მახსეიასი, ხანამეელის, ჩემი ბიძის ძის და ნასყიდობის წერილის დამწერ ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საყარაულო ეზოში ისხდნენ. 13 და ვუბრძანე ბარუქს მათ თვალწინ ასე: 14 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აიღე ეს წერილები, ეს ნასყიდობის წერილი, დაბეჭდილი და ეს ღია წერილი, და ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა გაძლოს მრავალ დღეს. 15 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „კიდევ იყიდიან სახლებს და მინდვრებს და ვენახებს ამ ქვეყანაში!” 16 და მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი მივეცი ბარუქს, ნერიას ძეს, ასე ვევედრე უფალს: 17 ‘ო, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცა და ქვეყანა შენი დიდი ძალითა და შენი გაწვდილი მკლავით, არაფერი არ არის შენთვის შეუძლებელი! 18 შენ წყალობას იქმ ათასებისათვის და მამების ურჯულოებას მათ ძეთა წიაღში მიუზღავ მათ შემდეგ. შენ დიდო და ძლიერო ღმერთო, რომლის სახელიც უფალი ცაბაოთია. 19 დიდი ხარ რჩევაში და ყოვლისშემძლე მოქმედებაში, შენი თვალი ღიაა ადამის ძეთა ყველა გზაზე, რათა მიუზღო თითოეულს თავისი გზებისამებრ, მათი მოქმედებათა ნაყოფისამებრ. 20 რომელმაც მოიმოქმედე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში დღემდე და ისრაელში და კაცთა მოდგმაში. და შეიქმენი სახელი, როგორც დღეს. 21 და გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, და ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და დიდი საოცრებით. 22 და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც შეჰფიცე მათ მამებს, რომ მისცემდი, ქვეყანა, მადინებელი რძისა და თაფლისა. 23 და მოვიდნენ ისინი და დაიმკვიდრეს, მაგრამ არ ისმინეს შენი ხმა და შენს რჯულზე არ იარეს, და ყოველივე, რისი გაკეთებაც ბრძანე, არ გააკეთეს, და მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება. 24 აჰა, მიწაყრილები მოადგა ქალაქს მის დასაპყრობად და მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან ღონემიხდილი ქალაქი მის წინააღმდეგ მებრძოლ ქალდეველთა ხელთ გადაეცა; და, რაც თქვი, სრულდება და შენ ხედავ ამას. 25 და როგორც მითხარი მე, უფალო ღმერთო, ვიყიდე შენთვის მინდორი ვერცხლით და დავიმოწმე მოწმენი, ქალაქი კი ქალდეველთა ხელთ გადაეცა.” 26 და სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: 27 „მე ვარ უფალი, ღმერთი ყველა ხორციელისა, განა ჩემთვის ძნელია რაიმე?” 28 ამიტომ ასე თქვა უფალმა: „აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ქალდეველთა ხელს და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელს და ის დაიპყრობს მას. 29 და მოვლენ ქალდეველნი, მებრძოლნი ამ ქალაქის წინააღმდეგ, და ცეცხლს წაუკიდებენ და გადასწვავენ მას და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და უღვრიდნენ საღვრელს უცხო ღმერთებს, რათა გავეჯავრებინეთ მე. 30 რადგან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მხოლოდ ბოროტის მოქმედნი იყვნენ ჩემს თვალში მათი სიყმაწვილიდან, რადგან ისრაელის ძენი მხოლოდ მაჯავრებდნენ მე თავიანთი ხელის ნაკეთებით.” – სიტყვა უფლისა. – 31 „რადგან ჩემს რისხვად და ჩემს გულისწყრომად იყო ეს ქალაქი ჩემთვის იმ დღიდან, როდესაც ააშენეს ის და დღევანდლამდე, ისე, რომ მოვიშორებ მას ჩემი პირიდან. 32 ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩემს გასაჯავრებლად, მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, იუდას კაცებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა. 33 და ზურგი მომაქციეს მე და არა პირი; და კვლავ და კვლავ ვასწავლიდი მათ და არ შეისმინეს დარიგება. 34 და სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დაადგეს მათ თავიანთი კერპები, რათა შეებილწათ იგი. 35 და ააშენეს ბაყალის გორაკები, რომელიც ბენ-ჰიმონის ჭალაშია, რათა გაეტარებინათ ცეცხლში თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი მოლოქისათვის, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და გულშიც არ გამივლია გამეკეთებინა ეს სისაძაგლე იუდას საცთუნებლად. 36 და ამიტომ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: ‘ბაბილონის მეფის ხელს მიეცა ის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით,’ 37 აჰა, მე შევკრებ მათ ყველა ქვეყნიდან, სადაც გავაძევე ისინი ჩემი რისხვით და ჩემი გულისწყრომით და დიდი მძვინვარებით, და დავაბრუნებ მათ ამ ადგილას და დავასახლებ მათ უსაფრთხოდ. 38 და მეყოლებიან ისინი ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. 39 და მივცემ მათ ერთ გულს და ერთ გზას, რათა ეშინოდეთ ჩემი ყოველთვის მათდა სასიკეთოდ და მათ ძეთა სასიკეთოდ მათ შემდეგ. 40 და დავუდებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ არ შევბრუნდები მათგან, რათა ვუყო მათ სიკეთე და მივცე მათ გულებს ჩემი შიში და არ განდგნენ ჩემგან. 41 გავიხარებ მათზე სიკეთის საქმნელად და დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით, 42 რადგან ასე თქვა უფალმა: როგორც მოვუტანე ამ ერს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუტან მათ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მე წარმოვთქვი მათზე. 43 და იყიდიან მინდორს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ: ცარიელია იგი, უკაცური და უსაქონლოა, ქალდეველთა ხელთაა გადაცემული. 44 მინდვრებს ვერცხლით იყიდიან და ნასყიდობის წერილს დაწერენ, და დაბეჭდავენ და მოწმეებს დაიმოწმებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში, მთის ქალაქებში და დაბლობის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან.” – სიტყვა უფლისა.