იერემია 27

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია 
271 იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო იერემიასადმი უფლისაგან. 2 ასე მითხრა მე უფალმა: „გაიკეთე თოკები და უღელი და დაიდე შენს კისერზე. 3 და გაუგზავნე ისინი ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონის ძეთა მეფეს, ცორის მეფეს და ციდონის მეფეს წარგზავნილთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიაჰუსთან მოვიდნენ. 4 და უბრძანე მათ უთხრან თავიანთ ბატონებს: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ასე უთხარით თქვენს ბატონებს: 5 მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მიწის პირზეა, ჩემი დიდი ძალით და ჩემი გაწვდილი მკლავით, და მე მივეცი მას, ვინც ღირსია ჩემს თვალში. 6 და ახლა მე მივეცი ყველა ეს ქვეყნები ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხელში, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას, რომ ემსახურონ. 7 და ყველა ხალხი დაემსახურებიან მას და მის შვილებს და მის შვილთაშვილებს, სანამ მოვა მისი ქვეყნისა და მისი ჟამი, და დაემსახურებიან მას მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფენი. 8 და თუ რომელიმე ხალხი ან სამეფო არ დაემსახურება მას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და არ მიუშვერს თავის კისერს ბაბილონის მეფის უღელს, მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი იმ ხალხს!” – სიტყვა უფლისა, – „სანამ არ მოვსპობ მათ მისი ხელით. 9 და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს ჯადოსნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან თქვენ ასე: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს.’ 10 რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, და მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ. 11 ხოლო, რომელიც თავის კისერს მიუშვერს ბაბილონის მეფის უღელს და დაემსახურება მას, დავტოვებ თავის მიწაზე,” – სიტყვა უფლისა, – „და დაამუშავებს მას და იცხოვრებს მასზე.” 12 და მე ვუთხარი ყველა ეს სიტყვა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს: „მიუშვირეთ თქვენი კისრები ბაბილონის მეფის უღელს და ემსახურეთ მას და მის ერს, და იცოცხლებთ. 13 რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით, როგორც უფალმა წარმოთქვა იმ ხალხზე, რომელიც ბაბილონის მეფეს არ დაემსახურება? 14 ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გეუბნებიან თქვენ: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს!’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. 15 რადგან მე არ გამომიგზავნია ისინი,” – სიტყვა უფლისა, – „ტყუილს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ თქვენ და წინასწარმეტყველნი, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ. 16 ხოლო მღვდლებს და მთელ ამ ერს მე ვეუბნებოდი, რომ ასე თქვა უფალმა: „ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებენ თქვენ: ‘უფლის ტაძრის მძიმე ჭურჭელი ახლა მალე დაბრუნდება ბაბილონიდან,’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. 17 ნუ მოუსმენთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლებთ. რატომ უნდა იქცეს ეს ქალაქი ნანგრევებად? 18 და თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვაა მათთან, შესთხოვონ უფალ ცაბაოთს, რომ უფლის ტაძარში, იუდას მეფის სასახლეში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ იქნეს წაღებული ბაბილონში. 19 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა სვეტებზე, ზღვაზე და საფუძველზე და ამ ქალაქში დარჩენილ დანარჩენ ჭურჭელზე, 20 რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია, როცა იექონია იეჰოიაკიმის ძე იუდას მეფე და იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებული იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა. 21 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, უფლის სახლში და იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე: 22 ‘ბაბილონში იქნება მიტანილი და იქ იქნება იმ დღემდე, სანამ მოვიკითხავ მათ,’ – სიტყვა უფლისა, – „და წამოვიღებ მათ და დავაბრუნებ ამ ადგილზე.“
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                         თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close