ძველი აღთქმა
იერემია
251 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ იუდას მთელ ერზე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს. და ის იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა. 2 სიტყვა, რომელიც უთხრა წინასწარმეტყველმა იერემიამ იუდას მთელ ერსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს: 3 „იოშიას, იუდას მეფის ყამონის ძის მეცამეტე წლიდან დღემდე, აი უკვე ოცდასამი წელია, რაც იყო უფლის სიტყვა ჩემდამი, და მე გელაპარაკებოდით და თქვენ არ ისმენდით. 4 და გზავნიდა უფალი თქვენთან ყველა თვის მსახურს, წინასწარმეტყველთ, განთიადიდან გზავნიდა და არ უსმენდით და არ უგდებდით ყურს. 5 გეუბნებოდნენ: „მოიქეცით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი ნამოქმედარიდან, და დასახლდით მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდე. 6 და ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროთ და თაყვანი სცეთ მათ, არ გამაჯავროთ მე თქვენი ხელის ნაკეთებით და არ გიბოროტებთ. 7 მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ მე!” – სიტყვა უფლისა, – „რათა გაგეჯავრებინეთ თქვენი ხელის ნაკეთებებით ისევ თქვენდა საუბედუროდ.” 8 ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა, 9 აჰა, გავგზავნი და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს!” – სიტყვა უფლისა, – „და ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და მოვიყვან მათ ამ ქვეყანაზე და მის მცხოვრებლებზე და ყველა ამ ხალხებზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, გავხდი უკაცრიელად, დასაცინად და საუკუნო ნანგრევებად. 10 და მოვსპობ მათგან სიხარულის ხმას და ლხენის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილების ხმას და სანთლის შუქს. 11 და მთელი ეს ქვეყანა გაოხრდება და გაუკაცრიელდება, და დაემსახურებიან ეს ხალხები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს. 12 და სამოცდაათი წლის გასვლისას დავსჯი მე ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,” – სიტყვა უფლისა, – „მათი ურჯულოების გამო, და ქალდეველთა ქვეყანას; და ვაქცევ მას საუკუნო უდაბნოდ. 13 და ავასრულებ იმ ქვეყანაზე ყველა ჩემს სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი მასზე, ყოველივეს ჩაწერილს ამ წიგნში, რომელიც იწინასწარმეტყველა იერემიამ ყველა ხალხებზე. 14 რადგან ისინიც ემსახურებოდნენ მათ, ბევრი ხალხები და დიდი მეფენი, და მივუზღავ მათ მათი საქმეებისა და მათ ხელთა ნაკეთების მიხედვით.” 15 რადგან ასე მითხრა მე უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „აიღე ეს თასი რისხვის ღვინით ჩემი ხელიდან და შეასვი ეს ყველა ხალხებს, რომლებთანაც გაგგზავნი შენ. 16 და შესვამენ და აბობოქრდებიან და გაგიჟდებიან მახვილის გამო, რომელსაც მე მოვუვლენ მათ.” 17 და მე ავიღე უფლის თასი ხელიდან და შევასვი ყველა ხალხებს, რომლებთანაც მე გამგზავნა უფალმა. 18 იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, და მის მეფეებს და მის მთავრებს, რათა მიმეცა ისინი ნგრევისა და თავზარდაცემისათვის, და წყევლისათვის, როგორც ეს დღეს არის, 19 ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის მსახურთ, მის მთავრებს და მთელ მის ერს, 20 და ყველა შერეულ ხალხს და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს და ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, და აშკელონს, ღაზას და ყეკრონს და აშდოდის ნატამალს, 21 ედომს და მოაბს, და ყამონის ძეთ, 22 და ცორის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და იმ კუნძულთა მეფეთ, რომელნიც ზღვის გაღმა იყვნენ; 23 დედანს, თემას და ბუზს, და ყველა საფეთქელშეკრეჭილს; 24 და არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებულ ყველა შერეული ხალხის მეფეებს; 25 და ზიმრის ყველა მეფეს, ყელამის ყველა მეფეს და მიდიის ყველა მეფეს; 26 ჩრდილოეთის ყველა მეფეს, მახლობელს და შორებელს; და მსოფლიოს ყველა სამეფოს, რომელიც მიწის პირზეა. და შიშაქის მეფე შესვამს მათ შემდეგ. 27 და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, რომ შესვამთ და დათვრებით, და ამოარწყევთ და დაეცემით, და არ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც მე მოვავლენ თქვენზე!’ 28 და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის მიღებაზე, რომ შესვან, მაშინ უთხარი მათ: ‘ასე ბრძანა უფალმა ცაბაოთმა: შესვამთ!’ 29 რადგან იმ ქალაქზე, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მე ვიწყებ უბედურების მოწევას, და ნუთუ თქვენ არ დაისჯებით? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს ვუხმობ მე ქვეყნის ყველა მცხოვრებზე!” – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. – 30 „და შენ იწინასწარმეტყველე მათზე ყველა ეს სიტყვა და უთხარი მათ: ‘უფალი სიმაღლიდან დაიგრგვინებს და მისი წმინდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას, გრგვინვით დაიგრგვინებს თავის სავანეზე; როგორც საწნახელში ყურძნის მწურავი, შემოსძახებს დედამიწის ყველა მცხოვრებთა წინააღმდეგ. 31 ხმაური მისწვდება ქვეყნის კიდეს, რადგან დავა აქვს უფალს ხალხებთან, განიკითხავს იგი ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ მახვილს გადასცემს იგი,’ – სიტყვა უფლისა.” 32 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, უბედურება გამოდის ხალხიდან ხალხისაკენ და დიდი ქარიშხალი აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან. 33 და იქნებიან იმ დღეს უფლის მიერ დახოცილნი ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და არ დაიტირებიან ისინი არ აიკრიფებიან და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე. 34 იქვითინეთ, მწყემსებო, და იკივლეთ, და ნაცარში იგორავეთ ფარის მეთაურნო, რადგან მოაწია დღეებმა თქვენი დაკვლისა და გაგფანტავთ და დაემხობით, როგორც ძვირფასი ჭურჭელი. 35 არ ექნებათ თავშესაფარი მწყემსებს და გადარჩენა ფარის მეთაურებს. 36 მწყემსთა ყვირილის და ფარის მეთაურთა ქვითინის ხმაა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვარს. 37 და გაუდაბურდება მშვიდობიანი საძოვრები უფლის რისხვის გამო. 38 ლომივით დატოვა მან თავისი ბუნაგი, რადგან გაუკაცრიელდა მათი ქვეყანა ამაოხრებლის რისხვისა და მისი რისხვის ალით.”