იერემია 18

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
181 სიტყვა, რომელიც იყო უფლისაგან იერემიას მიმართ: 2 „ადექი და ჩადი მექოთნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას!” 3 და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე. 4 და ჭურჭელი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, გაფუჭდა მექოთნის ხელში. მიუბრუნდა და სხვა ჭურჭელი გააკეთა, როგორიც მოეწონა მექოთნეს გასაკეთებლად. 5 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 6 „განა ამ მექოთნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო?” – სიტყვა უფლისა, – „აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო. 7 ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო; 8 და ის ხალხი, რომელზეც ვთქვი ეს, თუ მიიქცევა თავის ბოროტებისგან, მაშინ ვინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რომელიც განვუზრახე. 9 ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო იგი და დავრგო; 10 და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ გაუგონებს ჩემს ხმას, მაშინ მე ვინანებ იმ სიკეთეზე, რომელიც უნდა გამეკეთებინა მისთვის სასიკეთოდ. 11 და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ‘ასე თქვა უფალმა: აჰა, მე მოგაწევთ თქვენ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მობრუნდით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი!’ 12 იტყვიან ისინი: ‘ფუჭია! რადგან ჩვენს განზრახვას მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით მოვიქცევით.’” 13 ამიტომ ასე თქვა უფალმა: „იკითხეთ ხალხებში, მოუსმენია ვინმეს ამის მსგავსი? ბევრი სისაძაგლენი ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა. 14 განა დატოვებს ლიბანის თოვლი ჩემს ველებს, ან თუ შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები? 15 რადგან დამივიწყა მე ჩემმა ერმა, ამაო ღმერთებს უკმევენ, აბორძიკებენ ისინი მათ თავიანთ გზებზე, დატოვეს მუდმივი სავალი, რათა ევლოთ ბილიკებით, გაუკვალავი გზით, 16 რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს. 17 აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, ზურგს ვუჩვენებ მათ და არა პირს მათი უბედურების დღეს.” 18 და თქვეს მათ: „მოდით და შევკრათ პირი იერემიაზე, რადგან არ დაეკარგება რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა – წინასწარმეტყველს. მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა.” 19 გამიგონე, უფალო და ისმინე ხმა ჩემს მოწინააღმდეგეთა. 20 მიაგებენ კი კეთილის წილ ბოროტს? რადგან ორმოს უთხრიან ჩემს სულს. გაიხსენე, რომ მე ვიდექი შენს წინაშე, რათა კეთილი მელაპარაკა მათზე, რათა მიმექცია მათგან შენი გულისწყრომა. 21 ამიტომ მიეც მათი შვილები შიმშილს და წამოაგე ისინი მახვილზე; დაე, დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი კაცები იქნენ დახოცილნი, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ომში. 22 ისმოდეს კივილი მათი სახლებიდან, როდესაც უცებ მოვა მათზე რაზმი, რადგან თხრილს თხრიდნენ ჩემს შესაპყრობად და მახეს უგებდნენ ჩემს ფეხთ. 23 შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს სასიკვდილოდ; ნუ აპატიებ მათ ურჯულოებას და შენს წინაშე მათ ცოდვას ნუ წაშლი. დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს.
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                         თავი მეცხრამეტე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close