ძველი აღთქმა
ესაია
641 ზეცა რომ გაგერღვია, ჩამოსულიყავი, მთები ჩამოდნებოდნენ შენს წინაშე, 2 როგორც ცეცხლი წვავს ფიჩხს, წყალს ათუხთუხებს ცეცხლი, რათა ეუწყოს შენს მტრებს შენი სახელი, რათა შენი სახის წინაშე შეძრწუნდნენ ხალხები. 3 როდესაც შენ იქმოდი საშინელებებს, რომლებსაც არ ველოდით, ჩამოდიოდი, მთები დნებოდნენ შენს წინაშე. 4 არასოდეს სმენიათ, არ გაუგონიათ, თვალს არ უნახავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედოს ასეთი რამ თავის მომლოდინესათვის. 5 ეგებები მხიარულსა და სიმართლის მქმნელს, ვინც გიხსენებს შენს გზებზე. აჰა, შენ მრისხანებ, რადგან ვცოდავთ სულმუდამ, და როგორღა გადავრჩებით? 6 და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს. 7 და არავინაა შენი სახელის მხმობელი, გამოღვიძებული, რომ მოგეჭიდოს, რადგან გვიმალავ შენს სახეს და დავდნით ჩვენი ურჯულოებისაგან. 8 და ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი. 9 ნუ განრისხდები, უფალო, მეტისმეტად და სამუდამოდ ნუ გეხსომება ურჯულოება. აჰა, შეხედე, შენი ერი ვართ ჩვენ ყველანი. 10 შენი წმიდა ქალაქები გაუდაბურდნენ, სიონი უდაბნოა, იერუსალიმი – უკაცრიელი. 11 სახლი ჩვენი სიწმიდისა და დიდებისა, სადაც გაქებდნენ ჩვენი მამები, ცეცხლში დასაწველი გახდა, და ყოველივე ჩვენთვის ძვირფასი ნანგრევებად იქცა. 12 ნუთუ ამაზე კიდევ შეიკავებ თავს? უფალო, გაჩუმდები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?