ესაია 60

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

601 „ადექი, განათდი, იერუსალიმო, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა. 2 რადგან აჰა, ბნელი დაფარავს დედამიწას და ბურუსი – ხალხებს; შენზე კი გაბრწყინდება უფალი და მისი დიდება შენზე გამოჩნდება. 3 და ივლიან ხალხები შენს სინათლეზე და მეფენი – შენი ამობრწყინების ნათელზე. 4 აღაპყარ შენი თვალნი ირგვლივ და დაინახე: ყველანი იკრიბებიან, მოდიან შენთან, შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი ხელით მოჰყავთ. 5 მაშინ დაინახავ და განათდები, ათრთოლდება და გაფართოვდება შენი გული, რადგან შენსკენ მოიქცევა ზღვის სიმდიდრე, ხალხთა დოვლათი შენთან წამოვა. 6 აქლემთა სიმრავლე დაგფარავს შენ, მიდიანისა და ყეფას კოზაკნი. ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის დიდებას აუწყებენ. 7 კედარის მთელი ცხვარი შეიკრიბება შენთან, ვერძნი ნებაიოთისა და გემსახურებიან შენ, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე, და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. 8 ვინ არიან ესენი, რომ დაფრინავენ ღრუბელივით და, როგორც მტრედები, თავიანთი სამტრედის სარკმელებთან? 9 დიახ, კუნძულები დამელოდებიან მე და სავაჭრო ხომალდნი პირველნი მოვლენ, რათა მოიყვანონ შენი ძენი შორიდან თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი – შენი უფალი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სასახელოდ, რადგან მან განგადიდა შენ. 10 უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი დაგემსახურებიან, რადგან ჩემს რისხვაში გსჯიდი, ჩემს სიყვარულში გიბრალებდი. 11 და ღია იქნება მუდამ შენი კარიბჭე, არც დილით და არც ღამით არ დაიკეტება, რათა მოიტანონ შენთან ხალხთა დოვლათი და მოიყვანონ მათი მეფეები. 12 რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ხალხები აოხრდებიან. 13 ლიბანის დიდება შენთან მოვა: კვიპაროსი, ნეკერჩხალი და წიფელი ერთად, რათა დამიმშვენონ საწმიდრის ადგილი; და ჩემს ფერხთა ადგილს განვადიდებ. 14 მოგივლენ ქედმოხრით ძენი შენს შემაჭირვებელთა, და თაყვანს სცემენ შენს ფერხთა მტვერს ყველა შენი მოძულენი, და გიწოდებენ შენ უფლის ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს. 15 იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო ჩამვლელი, მე გაგხდი შენ საუკუნო სიამაყედ, სიხარულად თაობიდან თაობაში. 16 და შენ მოსწოვ ხალხების რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. 17 სპილენძის ნაცვლად მოვიტან ოქროს და რკინის ნაცვლად მოვიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად – სპილენძს და ქვების ნაცვლად – რკინას; გავაბატონებ შენზე მშვიდობას და შენს ზედამხედველად – სიმართლეს. 18 აღარ იქნება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა – შენს საზღვრებში. და უწოდებ ხსნას შენს გალავნებს და შენს კარიბჭეს – ქება-დიდებას. 19 აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება არ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი – შენს დიდებად. 20 აღარ ჩავა მეტად შენი მზე და შენი მთვარე არ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ, და დღენი შენი გლოვისა დასრულდება. 21 და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება; საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, ყლორტს ჩემი ნერგისას, ჩემი ხელის ქმნილებას, სადიდებლად. 22 მცირე იქცევა ათასად და უმცროსი – ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!”
თავი ორმოცდამეცხრამეტე                                                                                               თავი სამოცდამეერთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close