ესაია 51

ივლისი 9, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
511 „მისმინეთ მე, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი. 2 შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.” 3 რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, და ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა. 4 „მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სინათლედ მოვაფენ. 5 ახლოს არის ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, და ჩემი მკლავი ხალხებს განიკითხავს, კუნძულები მე დამენდობიან და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან. 6 ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება. 7 მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც ჩემი რჯული გულში გაქვთ, ნუ გეშინიათ კაცისგან შეგინებისა და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ. 8 რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს, მატლი შეჭამს მათ, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში.” 9 გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალა უფლის მკლავო! გაიღვიძე, როგორც წინა დღეებში, ძველ თაობებში. განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი? შენ არ მოჰკალი ურჩხული? 10 განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად? 11 და უფლის მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე. შვებას და სიხარულს ჰპოვებენ ისინი, დარდი და ოხვრა განქარდება. 12 „თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია კაცისა, რომელიც კვდება? და ადამის ძისა, რომელიც ბალახად არის შერაცხილი? 13 და დაივიწყე უფალი, შენი შემქმნელი, ცის გადამჭიმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და გეშინია მუდამ შემაჭირვებლის რისხვისა, როდესაც ის ემზადება მოსასპობად. მაგრამ სად არის შემაჭირვებლის რისხვა? 14 მალე განთავისუფლდება წელში მოხრილი და ხაროში არ მოკვდება, და არ დააკლდება მას პური. 15 და მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვის ამღელვებელი, და ღრიალებენ მისი ტალღები. უფალი ცაბაოთია მისი სახელი. 16 მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ‘ჩემი ერი ხარ!’” 17 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, აღდექ, იერუსალიმო, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! საწამლავგარეული ფიალა ბოლომდე შესვი. 18 არა ჰყავს მას გამძღოლი ძეთა შორის, რომლებიც შვა მან; არა ჰყავს ხელის დამჭერი ძეთა შორის, რომლებიც გაზარდა მან. 19 ორი ეს უბედურება გეწია – ვინ გააქნევს თავს შენზე? ძარცვა და ნგრევა, შიმშილი და მახვილი – ჩემს მეტი ვინ განუგეშებს? 20 შენი ძენი დაუძლურდნენ, წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეთხა ასმანაკში, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით. 21 ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და მთვრალო, მაგრამ არა ღვინით!იერ. 22 ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ერისა: „აჰა, ავიღე საწამლავგარეული თასი შენი ხელიდან, ნალექი ჩემი რისხვის თასისა – მეტად აღარ შესვამ მას. 23 და მივცემ მას შენს მტანჯველთ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: ‘დაემხე და ჩვენ გადავივლით შენზე!’ და შენ დაგიდევს შენი ზურგი მიწასავით, ქუჩასავით გამვლელთათვის.”
თავი ორმოცდამეათე                                                                                                 თავი ორმოცდამეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close