ძველი აღთქმა
ესაია
401 „ანუგეშეთ ჩემი ერი,” – ამბობს თქვენი ღმერთი. – 2 „ელაპარაკეთ იერუსალიმის გულს და აუწყეთ მას, რომ ამოიწურა მისი ომის ვადა, რომ გამოსყიდულია მისი შეცოდება, რადგან ორმაგად მიეგო უფლის ხელიდან ყველა მისი ცოდვების წილ.” 3 ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: „განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს.” 4 ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი – დაბლობად. 5 გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა. 6 ხმა ამბობს: „დაიძახე!” და უპასუხა: „რა დავიძახო? ყველა ხორციელი ბალახია და ყოველი მისი მადლი მინდვრის ყვავილივითაა. 7 ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფლის სული დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი. 8 ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას.” 9 მაღალ მთაზე ადი, სიონო, მახარობელო! ძლიერად აიმაღლე ხმა, იერუსალიმო, მახარობელო! აამაღლე, ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!” 10 აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა, და მისი მკლავი იხელმწიფებს; აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა. 11 ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ. 12 ვინ არწყა წყალი მუჭით და გადაზომა ცა მტკაველით, და დაატია საწყაოში ქვეყნის მტვერი და სასწორით აწონა მთები, ბორცვები – პინებით? 13 ვინ შეიცნო უფლის სული? და ვინ დამოძღვრა იგი თავისი რჩევით? 14 ვისთან ბჭობდა ის და ვინ განაბრძნო იგი? და ასწავლა მას სამართლის გზა, ასწავლა მას ცოდნა, და გონიერების გზა აცოდინა? 15 აჰა, ხალხები, როგორც წვეთი კარდალიდან; და სასწორის პინაზე მტვრად ჩანან ისინი. აჰა, კუნძულებს, როგორც კორიანტელს, აღგვის. 16 ლიბანი საკმარისი არ არის დასაწველად და მისი ცხოველნი საკმარისი არ არიან სრულადდასაწველისათვის. 17 ყოველი ხალხი არაფერია მის წინაშე, არარაობაზე მცირედ და სიცარიელედ უჩანს მას. 18 ვის მიამსგავსებთ თქვენ ღმერთს? რა მსგავსებას გაუტოლებთ მას? 19 ძეგლს ხომ ხელოსანი ჩამოასხამს, ოქრომჭედელი კი ოქროთი ავარაყებს და ვერცხლის ძეწკვებს უკეთებს მას. 20 ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ირჩევს ულპობელ ხეს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რომ ურყევად დაადგმევინოს კერპი. 21 განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ დედამიწის საფუძვლები? 22 ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მცხოვრებნი კალიასავით არიან მის წინაშე. მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და გაშალა საცხოვრებლად, როგორც კარავი. 23 ის არის, ვინც მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის. 24 დარგულიც არ იყვნენ, დათესილიც არ იყვნენ, მიწაშიც არ გაედგა ფესვი მათ ღეროს და, როგორც კი დაუბერა მათ, გახმენ და ქარიშხალმა ჩალასავით წაიღო ისინი. 25 „ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?” – ამბობს წმიდა. 26 მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება. 27 რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?” 28 განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება. 29 აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. 30 და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, 31 ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.