ძველი აღთქმა
ესაია
211 წარმონათქვამი ზღვისპირა უდაბნოზე. როგორც ქარიშხალი გადაივლის სამხრეთში, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან. 2 სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ყველა მის ოხვრას ბოლოს მოვუღებ. 3 ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე მოსმენილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. 4 მითრთის გული, შიშის ზარი მაფრთხობს მე; სანატრელი საღამო საშინელებად მექცა. 5 გაწყობილია ტაბლა, გადააფარეს სუფრა, ჭამენ, სვამენ. „ადექით მთავარნო, გაპოხეთ ფარი!” 6 და ასე მეტყვის უფალი: „წადი, გააგზავნე მზირი, გითხრას, რას ნახავს. 7 და დაინახავს ის წყვილ ცხენშებმულ ეტლს, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს – და ყურს დაუგდებს დიდი ყურადღებით.” 8 და ლომივით იყვირა, დაიძახა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე მუდამ ვდგავარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ მთელი ღამე. 9 და აი, მოდის მხედრობა წყვილ-წყვილი ცხენებით.” და თქვა ერთ-ერთმა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი; და მის ღმერთთა ყველა ქანდაკი მიწას დაენარცხა.” 10 ჩემო გალეწილო და ჩემი კალოს ძეო! რაც ვისმინე მე უფალ ცაბაოთის, ისრაელის ღმერთისაგან, ის გაუწყეთ მე თქვენ. 11 წარმონათქვამი დუმაზე. სეყირიდან მიხმობენ მე: „მცველო, ღამის რა ჟამია? მცველო, ღამის რა ჟამია?” 12 თქვა მცველმა: „მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ; თუ გინდათ კითხვა, იკითხეთ, დაბრუნდით ისევ.” 13 წარმონათქვამი არაბეთზე: არაბეთის ტყეში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო! 14 მწყურვალის შესახვედრად გამოჰქონდათ წყალი; თემას ქვეყნის მცხოვრებნი პურით ეგებებოდნენ მოხეტიალეს. 15 რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილს და მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს. 16 რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წლის შემდეგ, მოქირავნის წლებისაებრ, გაქრება მთელი დიდება კედარისა. 17 და ნარჩენნი მშვილდოსანთა რიცხვისა, მამაცი ძენი კედარისა, შემცირდებიან,” რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.