მსაჯული 11

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
111 იფთახ გილყადელი მამაცი კაცი იყო. და იყო იგი ძე მეძავი დიაცისა. გილყადმა შვა იფთახი. 2 და გილყადის ცოლმაც უშვა მას ძეები. და დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, და მათ გააძევეს იფთახი და უთხრეს მას: „შენ არ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ.” 3 და გაერიდა იფთახი თავის ძმებს და დამკვიდრდა ტობის ქვეყანაში. და უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და წავიდნენ მასთან ერთად. 4 გამოხდა ხანი და შეებრძოლნენ ყამონის ძენი ისრაელს. 5 და როცა ყამონის ძეთ ომი გაუმართეს ისრაელიანებს, წავიდნენ გილყადის უხუცესები, რათა იფთახი მოეყვანათ ტობის ქვეყნიდან. 6 და უთხრეს იფთახს: „მოდი, გახდი ჩვენი მეთაური და შევებრძოლოთ ყამონის ძეთ.” 7 და უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: „თქვენ ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ მამაჩემის სახლიდან და ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?” 8 და უთხრეს გილყადის უხუცესებმა იფთახს: „ახლა იმიტომ მოვბრუნდით შენთან, რომ წამოგვყვე და შეებრძოლო ყამონის ძეთ, და გილყადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე.” 9 და უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: „თუ თქვენ დამაბრუნებთ ყამონის ძეებთან საბრძოლველად და უფალი ხელში ჩამიგდებს მათ, მე ვიქნები თქვენი მეთაური?” 10 და უპასუხეს მას გილყადის უხუცესებმა: „უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცევით.” 11 და წავიდა იფთახი გილყადის უხუცესებთან ერთად, და ის დანიშნა ხალხმა მეთაურად და წინამძღვრად. და თქვა იფთახმა ყველა თავისი სიტყვა უფლის წინაშე მიცფაში. 12 და გაუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს და უთხრა: „რა გვაქვს მე და შენ გასაყოფი, რომ მომიხდი ჩემს ქვეყანაში საბრძოლველად?” 13 და ყამონის ძეთა მეფემ იფთახის მოციქულებს ასე უპასუხა: „რადგან ისრაელმა ჩემი ქვეყანა დაიკავა, როცა ეგვიპტიდან გამოვიდა – არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე – ახლა მშვიდობიანად დამიბრუნე ისინი.” 14 და კვლავ მიუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს, 15 რათა ეთქვათ: „ასე ამბობს იფთახი: არ დაუკავებია ისრაელს მოაბის ქვეყანა და ყამონის ძეთა ქვეყანა, 16 რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ, იარა ისრაელმა უდაბნოში მეწამულ ზღვამდე, და კადეშს მიადგა. 17 მაშინ გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი ედომის მეფეს და სთხოვა: ‘გამატარე შენს ქვეყანაზე,’ და არ ისმინა ედომის მეფემ; და აგრეთვე მიუგზავნა მოაბის მეფეს და არც მან ინება; და ისრაელი კადეშში დამკვიდრდა. 18 და წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომის ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, და მივიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან; და დაიბანაკა არნონის გაღმა, და ფეხი არ შეუდგამთ მოაბის მიწა-წყალზე, რადგან არნონი იყო მოაბის საზღვარი. 19 და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, და უთხრა მას ისრაელმა: ‘გთხოვ, გამატარე შენს ქვეყანაზე!’ 20 და სიხონმა არ გაატარა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. და სიხონმა შეკრიბა მთელი თავისი ხალხი, და დაიბანაკეს იაჰცაში, და შეებრძოლნენ ისრაელს. 21 და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ხელში ჩაუგდო ისრაელს, და მოსრეს ისინი. და დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა; 22 და დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. 23 და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ასე აჰყარა ამორეველები თავისი ხალხის, ისრაელის, პირისაგან და შენ გინდა დაიმკვიდრო იგი? 24 განა იმას არა ფლობ, რაც ქამოშმა, შენმა ღმერთმა, დაგიმკვიდრა. და ყველას, ვინც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, აჰყარა ჩვენი პირისაგან, ჩვენ დავიმკვიდრებთ. 25 და ახლა, რითი სჯობიხარ ბარაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? მას ხომ ისრაელთან არც პაექრობით უპაექრია და არც ბრძოლით უბრძოლია? 26 უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი მკვიდრობს ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, და ყველა ქალაქში, არნონის გაღმა-გამოღმა, იმხანადვე რატომ არ დაიბრუნე ისინი? 27 მე შენთვის არ შემიცოდავს, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საომრად. განსაჯოს უფალმა, მსაჯულმა ისრაელის ძეთა და ყამონის ძეთა შორის!” 28 და არ მოისმინა ყამონის ძეთა მეფემ იფთახის სიტყვა, რომელიც მან შეუთვალა. 29 და იყო იფთახზე სული უფლისა, და გაიარა იფთახმა გილყადი და მენაშე, და გაიარა გილყადის მიცფა, და გილყადის მიცფადან წავიდა ყამონის ძეთა წინააღმდეგ. 30 და აღუთქვა იფთახმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ყამონის ძეთ ხელში ჩამიგდებ, 31 მაშინ ასე იქნება: ვინც ჩემი სახლის კართაგან გამომეგებება, როდესაც ყამონის ძეთაგან მშვიდობით დავბრუნდები, უფლისა იყოს იგი და აღვავლენ მას სრულადდასაწველად.” 32 და მივიდა იფთახი ყამონის ძეებთან საბრძოლველად, და ხელში ჩააგდებინა ისინი უფალმა. 33 და მოსრა ისინი ყაროყერიდან, ვიდრე მინითის შესასვლელამდე, ოცი ქალაქი, და ვიდრე აბელ-ქერამიმამდე, ძალზე დიდი მოსვრით; და დამორჩილებულ იქნენ ყამონის ძენი ისრაელის ძეთა წინაშე. 34 და მივიდა იფთახი მიცფას, თავის სახლში. და აჰა, მისი ასული გამოეგება სიმღერითა და როკვით; მხოლოდ ის ერთი ჰყავდა მას, იფთახს მის გარდა არც ვაჟი ჰყოლია არც ასული. 35 და მის დანახვაზე იფთახმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „ვაიმე, ჩემო ასულო! უბედურებით გამაუბედურე; და შენ იქმენ ჩემს მჭუნვარებად; და ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვეღარ გადავთქვამ.” 36 და ასულმა უთხრა მას: „მამაჩემო, შენ თუ უფლის წინაშე ბაგე გახსენი, მიყავ, როგორც შენმა ბაგემ წარმოთქვა, რადგან უფალმა შური გაძიებინა შენს მტრებზე, ყამონის ძეებზე.” 37 და უთხრა მამამისს: „ეს ერთი რამ შემისრულე: გამიშვი ორი თვით; წავალ და მთებში ავალ, რათა ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირო ჩემი ქალწულობა.” 38 და უთხრა მას იფთახმა: „წადი.” და გაუშვა იგი ორი თვით. და წავიდა ის თავის დობილებთან და ტიროდა მთაში თავის ქალწულობას. 39 და ორი თვის ბოლოს დაბრუნდა თავის მამასთან, და ისიც იმ აღთქმისამებრ მოიქცა, რომელიც აღთქმული ჰქონდა. და მას მამაკაცი არ შეუცვნია. ეს წესად დაიდო ისრაელში: 40 წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ იფთახ გილყადელის ასული, ოთხ დღეს წელიწადში.
თავი მეათე                                                                                                                                    თავი მეთორმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close