ძველი აღთქმა
მსაჯული
151 რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად პურის მკის დროს და თან ერთი თიკანი წაიყვანა. და თქვა: „შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. 2 და უთხრა მას ქალის მამამ: „ვიფიქრე სიძულვილით მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აჰა, მისი უმცროსი და მასზე უკეთესია; ეგ წაიყვანე ცოლად მის ნაცვლად.” 3 და უთხრა მათ სამსონმა: „უდანაშაულო ვიქნები ამიერიდან ფილისტიმელთა წინაშე, თუ ბოროტებას ვუზამ მათ.” 4 და წავიდა სამსონი, და დაიჭირა სამასი მელა და აიღო ჩირაღდნები, და მათი კუდი კუდს გადაუსკვნა და ჩაატანა თითო ჩირაღდანი ორ კუდს შორის. 5 და მოუკიდა ცეცხლი ჩირაღდნებს და გაუშვა ფილისტიმელთა ყანებში, და გადაწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები. 6 და იკითხეს ფილისტიმელებმა: „ეს ვინ ჩაიდინა?” და უთხრეს „სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მიათხოვეს მის მაყარს.” და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაწვეს ის ქალი და მამამისი ცეცხლში. 7 და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, მაშინ მე შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.” 8 და მაგარი ცემით ურტყა მათ წვივებსა და თეძოებს, და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი. 9 და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაიბანაკეს იუდაში და განივრცნენ ლეხამდე. 10 და ჰკითხეს იუდას კაცებმა: „რად ამოხვედით ჩვენთან?” და უთხრეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა მას ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვექცა.” 11 და ჩავიდა სამი ათასი კაცი იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: „ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელნი ბატონობენ ჩვენზე? ეს რა გვიქენი?” და უპასუხა მათ: „როგორც მე მომექცნენ, მეც ასე მოვექეცი.” 12 და უთხრეს მას: „შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს.” და უთხრა მათ სამსონმა: “შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.” 13 და უთხრეს მას ასე: „არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს; მოკვლით არ მოგკლავთ.” და შეჰკრეს იგი ორი ახალი თოკით, და წაიყვანეს კლდიდან. 14 და მივიდნენ ისინი ლეხამდე და ფილისტიმელნი შეძახილებით შეხვდნენ მას; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და მის მკლავებზე მოხვეული თოკები ცეცხლით დამწვარი სელივით გახდა და დასცვივდა საკვრელები ხელებიდან. 15 და ვირის ახალი თავყბა იპოვა ხელით, დასწვდა და აიღო იგი, და ათასი კაცი დახოცა იმით. 16 და თქვა სამსონმა: „ვირის ყბით ვირთა ვირი; ვირის ყბით დავხოცე ათასი კაცი.” 17 და ეს რომ თქვა, გადააგდო ვირის ყბა და უწოდა იმ ადგილს „რამათ-ლეხი.” 18 და ძალიან მოსწყურდა და უხმო უფალს: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში.” 19 და გააპო ღმერთმა ქვაბური, ლეხში რომ იყო, და გადმოსკდა იქიდან წყალი. და დალია და მოიბრუნა სული, და გამოცოცხლდა. ამისთვის ეწოდა მას სახელად „ყენ-ჰაკორე”, რომელიც დღემდეა ლეხში. 20 და განსჯიდა ისრაელს სამსონი ფილისტიმელთა დღეებში ოცი წელიწადი.