ძველი აღთქმა
რუთი
11 ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დღეებში, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. იუდას ბეთლემიდან მოაბის ველებზე საცხოვრებლად წავიდა ერთი კაცი თავისი ცოლითა და ორი ვაჟით. 2 იმ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს – ნაყომი, მის ორ ვაჟს ერქვა მახლონი და ქილიონი, და ისინი იყვნენ ეფრათელნი იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იყვნენ იქ. 3 და მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით. 4 და მოიყვანეს ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, ხოლო მეორისა რუთი. და ცხოვრობდნენ ისინი იქ ათიოდე წელი. 5 დაიხოცნენ ეს ორნიც: მახლონი და ქილიონი, და დარჩა ის ქალი მარტო თავისი ქმრისა და ორი ვაჟის გარეშე. 6 მერე ადგა იგი თავისი რძლებითურთ, და უკან დაბრუნდა მოაბის ველებიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველებზე, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და მისცა მათ პური. 7 და გავიდა იგი თავის რძლებთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და გაუდგნენ გზას, რომ იუდას ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. 8 და უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში! და წყალობა გამოიჩინოს თქვენზე უფალმა, როგორც თქვენ გამოიჩინეთ მკვდრებზე და ჩემზე! 9 უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე თქვენ-თქვენი ქმრის სახლში!” და გადაკოცნა ისინი, მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს, 10 და უთხრეს ნაყომის: „ჩვენ წამოგყვებით შენს ხალხთან!” 11 უთხრა: ნაყომიმ: „გაბრუნდით, ჩემო ასულებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ? 12 დაბრუნდით, ჩემო ასულებო, წადით! რადგან საიმისოდ დავბერდი, რომ ქმარი ვიყოლიო; კიდევაც რომ მეთქვა, იმედი მაქვს-მეთქი, კიდევაც რომ ვიქნე ქმართან ამაღამ და ვშობო ვაჟები, 13 ნუთუ დაელოდებით თქვენ მათ დაზრდას? ნუთუ გათხოვებაზე თავს შეიკავებთ? არა, ჩემო ასულებო, ეს ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი!” 14 მაშინ აღიმაღლეს მათ ხმა და ატირდნენ კვლავ. შემდეგ გამოეთხოვა ყორფა თავის დედამთილს, რუთი კი მიეკრო მას. 15 უთხრა „აჰა, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთებს უბრუნდება. მიჰყევი შენი მაზლის ცოლს!” 16 და თქვა რუთმა: „ნუ მთხოვ შენს მიტოვებას და შენგან წასვლას, რადგან სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე, და სადაც შენ დაიღამებ, მეც იქ უნდა დავიღამო. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთია. 17 სადაც შენ მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს მე უფალმა და უარესიც მიყოს, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა. 18 და რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან წასვლა, მეტი აღარა უთხრა რა. 19 და იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. და ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო, და კითხულობდნენ: „ნუთუ ესაა ნაყომი?” 20 მაგრამ ნაყომიმ უთხრა მათ: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, დამიძახეთ მარა, რადგან მეტისმეტად გამამწარა მე ყოვლადძლიერმა. 21 მე სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რად მეძახით მე ნაყომის, როცა უფალმა გამტანჯა, და ყოვლისმპყრობელი უბედურება დამათია?” 22 და დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველებიდან წამოჰყვა მას. ქერები იჭრებოდა, როცა ბეთლემში მივიდნენ ისინი.
მსაჯული თავი მეორე