ძველი აღთქმა
რიცხვნი
181 და უთხრა უფალმა აარონს: „შენ და შენმა ძეებმა, შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ საწმიდრის დანაშაული. და შენ და შენმა ძეებმა შენთან ერთად უნდა იკისროთ თქვენი მღვდლობის დანაშაული. 2 და აგრეთვე შენი ძმანი – ტომი ლევისა, მამაშენის ტომი, დაიახლოვე. ისინი თან გახლდნენ შენ და გემსახურებოდნენ. ხოლო შენ და შენი ძენი შენთან ერთად უნდა იყოთ მოწმობის კარვის წინ. 3 და აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მოვალეობა მთელი კარვის მიმართ, ოღონდ საწმიდრის ჭურჭლებსა და სამსხვერპლოს არ მიუახლოვდნენ ისინი, რათა არ დაიხოცნეთ არც ისინი და არც თქვენ. 4 და თან გახლდნენ შენ, და აღასრულონ მოვალეობა საკრებულო კარვის მიმართ, კარვის ყოველი სამუშაო. და უცხო არ მოგიახლოვდეთ თქვენ. 5 და აღასრულეთ მოვალეობა საწმიდრისა და მოვალეობა სამსხვერპლოსი, და მეტი აღარ იქნება რისხვა ისრაელის ძეებზე. 6 და მე ავიყვანე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელის ძეთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილი უფლისაგან, რათა აღასრულონ მსახურება საკრებულო კარვისა. 7 ხოლო შენ, და შენმა ძეებმა შენთან ერთად, აღასრულეთ თქვენი მღვდლობა ყოველივეში, რაც შეეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც შიგნითაა, ფარდის მიღმა, და მსახურებდეთ. თქვენთვის მომიძღვნია მღვდლობა და უცხო, რომელიც მიუახლოვდება, მოკვდება.” 8 და უთხრა უფალმა აარონს: „აჰა, მე დაგავალე შენ მეთვალყურეობა ჩემსა და ისრაელის ძეთა ყოველ შემოწირულობაზე, მოგეცი წილად შენ და შენს ძეებს საუკუნო წესით. 9 აი რა გეკუთვნის შენ წმიდათა წმიდიდან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი პურეულის შესაწირავი, და ყოველი მათი მსხვერპლი ცოდვისათვის და დანაშაულის ყოველი გამოსასყიდი, რასაც მომიტანენ მე; წმიდათა წმიდაა ის შენთვის და შენი ძეებისათვის. 10 უწმიდეს ადგილზე ჭამეთ იგი. ყოველმა მამროვანმა ჭამოს იგი. სიწმიდე იყოს ის შენთვის. 11 ესაა შენთვის მათი ძღვენის წილი ისრაელის ძეთა ყოველი შესარხევი შესაწირავიდან: შენ მოგეცი, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად საუკუნო წესად. შენს სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი. 12 ყოველი საუკეთესო ზეთისაგან, ყოველი საუკეთესო ღვინისაგან და საუკეთესო მარცვლელულისაგან, მათ პირველმოწეულ ნაყოფთაგან, უფალს რომ მისცემენ, შენთვის მომიცია ისინი. 13 და ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც მათ ქვეყანაშია, რომ მიუტანენ უფალს, შენი იქნება. შენ სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი. 14 ისრაელში ყველა შემოწირულობა შენი იყოს. 15 ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც მიუძღვნიან უფალს, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენი იყოს. მაგრამ შენ უნდა გამოისყიდო პირმშო ადამიანთაგანი, და უწმიდური პირუტყვის პირველმოგებულიც გამოისყიდე. 16 მისი გამოსასყიდია: ერთი თვის ასაკიდან გამოისყიდე შენი შეფასების მიხედვით, ხუთ ვერცხლ შეკელად, საწმიდრის შეკელით. ოცი გერაა იგი. 17 მაგრამ პირველმოგებული ძროხისა, ან პირველმოგებული ცხვრისა, ან პირველმოგებული თხისა არ გამოისყიდო: ისინი წმიდები არიან. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი აკმიე სრულადდასაწველ კეთილსურნელებად უფლისათვის. 18 და მათი ხორცი შენი იყოს ისევე, როგორც შესარხეველი მკერდი და როგორც მარჯვენა ბეჭი შენი იყოს. 19 ყოველი წმიდა შესაწირავი, რომელსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, მომიცია შენთვის, შენი ძმებისა და ასულებისათვის შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს საუკუნო აღთქმაა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისათვის შენთან ერთად.” 20 და უთხრა უფალმა აარონს: „მათ ქვეყანაში არ დაიმკვიდრო სამკვიდრებელი და წილი არ გქონდეს შენ მათ შორის. მე ვარ წილი შენი და სამკვიდრებელი შენი ისრაელის ძეთა შორის. 21 და ლევის ძეთ მე მივეცი ყოველი მეათედი ისრაელში სამკვიდრებლად, მათი მსახურების სანაცვლოდ, რასაც ასრულებენ საკრებულო კარვის მსახურებით. 22 და არ მიუახლოვდნენ კვლავ ისრაელის ძენი საკრებულო კარავს, რომ არ დაიდონ ცოდვა და არ დაიხოცნონ. 23 შეასრულონ ლევიანებმა მსახურება საკრებულო კარვისა და იტვირთონ მათი ცოდვები. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. და ისრაელის ძეთა შორის არ დაიმკვიდრონ სამკვიდრებელი, 24 რადგან ისრაელის ძეთა მეათედი, რომელსაც შესაწირავად სწირავენ უფალს, მე ლევიანებს მივეცი სამკვიდრებლად. ამისათვის ვუთხარი მე მათ: ისრაელის ძეთა შორის ისინი არ დაიმკვიდრებენ სამკვიდრებელს.” 25 და უთხრა უფალმა მოსეს: 26 „განუცხადე ლევიანებს და უთხარი მათ: ‘როდესაც აიღებთ ისრაელის ძეთაგან მეათედს, რომელიც მე მოგეცით მათგან სამკვიდრებლად, მაშინ შესწირავთ მისგან უფლის შესაწირავს, მეათედს მეათედისაგან. 27 და ჩაგეთვლებათ თქვენი შესაწირავი, როგორც მარცვლელული კალოდან და როგორც სისავსე საწნახლიდან. 28 ეგრე შესწირეთ თქვენც შესაწირავი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რომელსაც აიღებთ ისრაელის ძეთაგან, და მისცემთ მისგან უფლის შესაწირავს აარონ მღვდელს. 29 ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესწირეთ შესაწირავი უფალს, ყოველივე საუკეთესოთაგან, წმიდა ნაწილი მისგან’. 30 და უთხარი მათ: ‘როცა შესწირავ საუკეთესოს მისგან, ითვლება იგი ლევიანთათვის, როგორც კალოს მოსავალი და როგორც საწნახლის მოსავალი. 31 და ჭამეთ იგი ყოველ ადგილზე თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს თქვენი საზღაურია თქვენი სამსახურისათვის საკრებულო კარავში. 32 და არ დაგედებათ ამისათვის ცოდვა, როცა შესწირავთ საუკეთესოს მისგან. ისრაელის ძეთა სიწმიდენი არ შებილწოთ და არ დაიხოცებით.’”